პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსს აცხადებს

პრეზიდენტი გიორგი მარველაშვილი 2017 წლის 18 დეკემბრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კანდიდატების წარდგენა 10 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

კანონმდებლობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს პრეზიდენტი კონკურსის საფუძვლზე ნიშნავს. ამჟამად საბჭოში პრეზიდენტის დანიშნული წევრია ვახტანგ მჭედლიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა 16 იანვარს ეწურება.

პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საბჭოს წევრობის კანდიდატი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

•             ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

•             მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინონ საბჭოს წევრის არაუმეტეს ერთი კანდიდატისა.

•             არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.

•             საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი და სარგებლობდეს მაღალი რეპუტაციით. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

•             საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წევრობის კანდიდატის წინასწარი თანხმობა;
ბ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) უმაღლესი იურიდიული განათლების (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სპეციალობით არანაკლებ 5 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია – დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში;
თ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში,” – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი