ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას გეგმავენ

18 დეკემბერი, 2017 • 3111
სომხეთში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას გეგმავენ

სომხეთის ხელისუფლების ინიციატივა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის შესახებ ქვეყანაში მძღოლთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოქალაქეების ნაწილმა გააკრიტიკეს.

სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინიციატივა 2018 წლის 1 აპრილიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გაყიდვის დროებით შეჩერებასა და მომავალში მათი ექსპლუატაციის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

პროექტის ინიციატორთა აზრით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მართვა საფრთხის შემცველია, რამდენადაც მძღოლის  თავალთახედვას ზღუდავს.

სომხეთის “ავტომოყვარულთა ლიგის დაცვის” ხელძღვანელი ტიგრან ჰოვანისიანი გამოცემა კავკაზსკი უზელთან საუბარში ამბობს, რომ პროექტში არ არის ასახული მონაცემები ან რაიმე ტიპის სტატისტიკა, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საფრთხეებზე მიუთითებს. მისი ვარაუდით, აღნიშნული ინიციატივით, სომხეთის სამინისტრო სომხეთის ბაზარზე მსხვილ მოთამაშეებს ლობირებს:

“თუ მარჯვენასაჭიან მანქანებს აკრძალვენ, მოქალაქეები იძულებული იქნებიან, ავტოსალონებში უფრო ძვირადღირებული მანქანები შეიძინონ. ამით სწორედ ავტოსალონების მფლობელები იქნებიან მოგებაში”.

სომხეთის ხელისუფლების ინიციატივას სოციალურ ქსელებშიც უარყოფითად შეხვდნენ.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ექსპლუატაციის აკრძალვის შესახებ საუბარი საქართველოშიც იყო, თუმცა ამჟამად მათი შეზღუდვა მხოლოდ განბაჟების ფასზე აისახა, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე – მარცხენასაჭიანი ავტომობილების.

მასალების გადაბეჭდვის წესი