ახალი ამბები

ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი კვირიკაშვილი გადადგეს

17 დეკემბერი, 2017 • 2641
ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი კვირიკაშვილი გადადგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგეს – ამის შესახებ მან განცხადება გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გააკეთა.

“არაფერი არ არის ბუნებაში გამორიცხული… გიორგი არასდროს არ იკლავდა თავს თანამდებობისთვის, ეს არის მისი ადამიანური უპირატესობა. მეოცე საუკუნიდან მოყოლებული ვიცნობ მე მაგ პიროვნებას და ის არასდროს ყოფილა თანამდებობაზე გაგიჟებული და თანამდებობისთვის ყველაფრის მკადრებელი ადამიანი,”- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება განახლებას ექვემდებარება:

“ჩვენი ხელისუფლება, განსაკუთრებით, აღმასრულებელი ხელისუფლება, ექვემდებარება ხოლმე განახლებას. თუ დააკვირდებით,  2-3 წელში ყოველთვის ხდება საქართველოს მთავრობის განახლება პრემიერ-მინისტრის დონეზე, ასე რომ, ამ დაშვებიდან გამომდინარე, არაფერი გამოსარიცხი არ არის,”- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ამავე გადაცემაში მან განაცხადა, რომ კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომასთან არაფერ შუაშია სკანდლი ტენდერებთან დაკავშირებით, რომელიც კვირიკაშვილსა და მის მეგობარს, გიორგი გაჩეჩილაძეს, იგივე “უცნობს” უკავშირდება. გიორგი გაჩეჩილაძემ 12 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო ტენდერებში უსამართლოდ იჩაგრება მისი სიძის კომპანია “სიტროენ ჯორჯია” და უპირატესობა ენიჭება ტარიელ ხეჩიკაშილთან დაკავშირებულ კომპანიებს. ორი დღის შემდეგ გადაცემა “რეაქციაში” გაჩეჩილაძემ წაიკითხა მესიჯები, რომლის თანახმადაც, მან პრემიერს დახმარების თხოვნით მიმართა. კვირიკაშვილმა გაჩეჩილაძის პასუხად განაცხადა, რომ მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს და თუ მთავრობის ბრალეულობა დადასტურდება, მზად არის – გადადგეს, თუ არ დადასტურდება – გაჩეჩილაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს.

“ეს შემთხვევა, ეს კაზუსი არაფერ შუაში არ არის ამ საკითხთან, თავად გიორგიმ აწია ამ დონეზე ეს თემა, როდესაც თქვა, რომ თუ ამ საკითხის უკანონობას დააადადასტურებს ან სასამართლო, ან კონკურენციის სააგენტო, ან შესყიდვების სააგენტო, მე მზად ვარ, თანამდებობიდან წავიდეო,”- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “განსხვავებულ აქცენტებში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი