ახალი ამბები

კობახიძე: უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება

17 დეკემბერი, 2017 • 1609
კობახიძე: უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება და მათი შექმნა მენეჯმენტის რაციონალიზაციას უკავშირდება.

კობახიძის განცხადება პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“შემიძლია გითხრათ, დაგიდასტუროთ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები დაიწყო ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის დროს. ჩვენ ვსაუბრობდით ორი დამატებითი ფრაქციის შექმნაზე იმისათვის, რომ უფრო მარტივად განხორციელდეს მენეჯმენტი უმრავლესობის შიგნით. ეს ემსახურება მენეჯმენტის რაციონალიზაციას უმრავლესობაში და ამ მიზნით საუბარია დამატებით ფრაქციების შექმნაზე. მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არ აქვთ არავითარი საფუძველი, ეს შემიძლია ძალიან თამამად გითხრათ,”-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, ფრაქციების შექმნას არ სჭირდება პლენარული სხდომა. ახალ ფრაქციებს ბიუროს სხდომაზე დაამტკიცებენ.

“კონსულტაციები უკვე შემდგარია, მიღებული გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილება ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით, შემადგენლობასთან, ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით და ამის საუძველზე მიიღება უკვე საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს მიერ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი