თავდაცვის სამინისტრო აშშ-სგან ანტისატანკო სისტემებს 37,5 მილიონ დოლარად შეიძენს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ანტისატანკო სისტემების შესაძენად 37 583 714 აშშ დოლარია საჭირო. სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან შესყიდვის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებაზე თანხმობას ითხოვს.

„შესყიდვის განხორციელების საკითხი დამოკიდებული იყო საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე; შესყიდვა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ; შესყიდვის ობიექტების ჯამური ღირებულებაა 37 583 714 აშშ დოლარი“ – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთულ განაცხადში.

„ანტისატანკო სისტემების შესყიდვით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობა. შესყიდვა ხდება აშშ-ის მთავრობისაგან, შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის ალტერნატივა არ არსებობს“ – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

შესყიდვების სააგენტომ სამინისტროს 21 დეკემბრამდე უნდა უპასუხოს.


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, მათ 17 ნოემბერს გასცეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კონგრესს “ჯაველინის” სისტემის შესაძლო გაყიდვის შესახებ ეცნობა. სააგენტოს ცნობითვე, საქართველოს მთავრობის მიერ მოთხოვნილი ტექნიკის ტრანსპორტირების, ლოჯისტიკის და ტექნიკური დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით, შესყიდვის ჯამური ღირებულება 75 მილიონი დოლარია.

ამავე თემაზე:

რას მოუტანს საქართველოს აშშ-სგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვის შესაძლებლობა

ამერიკამ საქართველოს, შესაძლოა, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა მიჰყიდოს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com