საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა

საკრებულომ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ქალაქის ბიუჯეტს  მხარი დაუჭირა 38-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ორი დეპუტატი იყო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა პროტესტის ნიშნად კენჭისყრამდე დატოვა.

საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას თბილისის მერი კახა კალაძეც ესწრებოდა. მერმა ქალაქში არსებულ ძირითად პრობლემებად ეკოლოგიური მდგომარეობა, მოუწესრიგებელი პარკინგი, უსახური და ქაოტური მშენებლობები, სოციალური პრობლემები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაასახელა.

მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები საკრებულოს წევრებს ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ გააცნო. დედაქალაქის ბიუჯეტი 861, 6 მლნ ლარია.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტი 60 მლნ ლარით აღემატება წინა წლის ბიუჯეტს. ვიცემერის თქმით,  2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის სახით დამატებით გამოიყოფა 14 000.0 ლარი მეტროს ვაგონის ორი ახალი შემადგენლობის შესაძენად .

„საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მოვლა-შეკეთებაში 95 მლნ ლარი დაიხარჯება. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებში – 12 მლნ; სამოქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის შემადგენლობის მოდერნიზაციის მიმართულებით, ჯამში, 22 მლნ ლარამდე სატრანსპორტო კომპანიის კაპიტალში წელსვე იქნება მობილიზებული. სწორედ ამიტომ, 2018 წლის ბიუჯეტში ეს თანხა აღარ არის მოცემული“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის შენიშვნებს. ოპოზიციას შენიშვნები ძირითადად ბიუროკრატიულ ხარჯებთან და სოციალურ საკითხებთან ჰქონდათ.

“ეს ბიუჯეტი არ ასახავს თბილისელების ინტერესებს. ეს ბიუჯეტი არ არის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი. ამ ბიუჯეტში გაზრდილია მხოლოდ ის მუხლები, სადაც ადმინისტრაციული ხარჯებია წარმოდგენილი,”-აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მარიკა დათუკაშვილი.

საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა გოკა გაბაშვილმა პენსიების ზრდაზე ისაუბრა და თბილისის მთავრობას სტატისტიკის სამსახურის მონაცემები გააცნო. მისი თქმით, საქსტატის მონაცემებით, პროდუქტის ფასი გაზრდილია.

კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე სხდომათა დარბაზი “ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დატოვეს. მარიკა დათუკაშვილმა სხდომის დატოვების მიზეზად უპასუხო კითხვები დაასახელა.

“კახა კალაძეს თმენის ვალდებულება აქვს და კონკრეტულ თემატურ კითხვებზე პასუხი თუ არ აქვს, უზრდელობაში არ უნდა გადავიდეს. დღეს ჩემს კოლეგას, ლევან ხაბეიშვილს ნაძვის ხეზე დაკიდებით დაემუქრა. ამ ყველაფერს ჩემი კოლეგები, საკრებულოს თავმჯდომარიდან მოყოლებული თითოეული ქართული ოცნების წევრით დამთავრებული, ოვაციებით მხარს უჭერდნენ. მათ სულ არ აწუხებდათ ის, რომ მათ კოლეგებს შეურაცხყოფას თბილისის მერი აყენებდა. ვინაიდან ჩვენ ვერც ერთ კითხვაზე ვერ მივიღეთ პასუხი, ბიუჯეტის დამტკიცების დროს აღარ დავრჩით,”-აცხადებს დათუკიშვილი.

ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი შეაფასა. მერის თქმით, წლევანდელი ბიუჯეტი ორიენტირებულია მოსახლეობაზე.

“თქვენ იცით, რომ დაახლოებით ერთი თვეა, რაც თბილისის მერია და ახალი საკრებულო შეუდგა მუშაობას.  ამ პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტი 60 მლნ ლარით გაიზარდა,”-განაცხადა კახა კალაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.