საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება

საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელიც დღეს ექვსი ფრაქციისგან შედგება, ორი ახალი ფრაქცია შეიქმნება. უმრავლესობის დეპუტატები დღეს, 15 დეკემბერს ამბობენ, რომ ეს ცვლილება შიდა დაპირისპირებით არ არის განპირობებული და ეფექტურ მართვას უკავშირდება.

დეპუტატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძისთვის 86-კაციანი ფრაქცია “ქართული ოცნების” მართვა რთული იყო:

“მართვის სისტემის დახვეწა არის მთავარი მიზეზი და გარდა ამისა, არსებობს ის აუცილებლობა, რომ 86-კაციან ფრაქციას არ ჰქონდეს ისეთი ერთპიროვნული გავლენა ყველა პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს. არანაირი დაპირისპირება ამ შემთხვევაში სახეზე არ არის. მამუკა მდინარაძისთვისაც საკმარისად რთულია ის, რომ 86 კაცს უხელმძღვანელოს და საორგანიზაციო თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშიც აღმოჩნდა,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

თავად მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ მენეჯმენტი აქ არაფერ შუაშია:

“ნამდვილად არაფერ შუაში არ არის ვინმეს მენეჯმენტი, არც მამუკასი, არც სხვა ფრაქციის სხვა ხელმძღვანელებისათვის. უმრავლესობის შიგნით იქმნება ორი ახალი ფრაქცია დამატებით, ჩვენ საგაზაფხულო სესიაზე წარვდგებით ახალი, გადახალისებული შემადგენლობით, ასე ვთქვათ, გადაჯგუფებას ვგულისხმობ ამაში,”- განაცხადა მამუკა მდინარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მიზანი კოორდინაციის გაუმჯობესებაა:

“კოორდინაციის ეფექტურობის და სამუშაო პროცესის მართვის გაუმჯობესების მიზნით, უმრავლესობის შიგნით შევქმნით დამატებით ფრაქციებს. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კოორდინაცია, საპარლამენტო უმრავლესობასა და მმართველი ჯგუფის შიგნით იყოს კიდევ უფრო მოქნილი და მობილური,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი