ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი სათემო რადიო ორ წელზე მეტია ლიცენზიას ითხოვს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი სათემო რადიო “ივრისი”, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ ინტერნეტით მაუწყებლობს, 2015 წლიდან FM სიხშირეზე პირდაპირ ეთერში გასასვლელად ლიცენზიას ითხოვს.

სათემო რადიოს ლიცენზიისთვის რადიომ არაერთხელ მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციას.

“გვეუბნებიან, რომ ჯერ არ არის სიხშირეთა კვლევა დასრულებული. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, კვლევა უკვე დასრულებულია”, – განუცხადა რადიო “ივრისის” რედაქტორმა, თოზუ გულმამედოვამ ნეტგაზეთს.

თემის აქტუალობის გამო ჩატარდა შიდა სპეციალური გამოკითხვაც. გამოიკითხა იორმუღანლოს მოსახლეობის 10%, ყველა გამოკითხული ამბობდა, რომ იორმუღანლოში აუცილებელია რადიომაუწყებლობა.

“არ მინდა ვიფიქრო, რადგან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ვართ, ამიტომ არ მოგვცეს ლიცენზია. გადაცემას ტრადიციებზე ამზადებს მოლა, რომელიც მუშაობს მეჩეთში და გადაცემა აქვს ადათ-წესებზე. ჩვენთან ძირითადად შერეულია ადათ-წესები – ადათი და რელიგია თანაარსებობენ. შეიძლება ეს არის მიზეზი, რომ ლიცენზიას არ გვაძლევენ”, – ვარაუდობს თოზუ გულმამედოვა.

რადიოს წარმომადგენელი ამბობს, რომ რადიო “ივრისი” “ძირითადად აშუქებს სოციალურ თემებსა და ქალთა უფლებებს. ამასთან, “მაქსიმალურად ცდილობენ პოლიტიკას არ შეეხონ, რადგან არ სურთ, მოსახლეობამ ისინი რომელიმე პარტიის მომხრეებად აღიქვას”.

2015 წლის დეკემბრიდან დღემდე, რადიო “ივრისისთვის” ლიცენზიის მისაცემად, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას” არაერთხელ მიმართა “ჟურნალისტთა ასოციაცია – საზოგადოების კავშირ მეცენატის” დირექტორმა მაია ყალაბეგაშვილმა, “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა და “მედიის ადვოკატირების კოალიციამ”.

კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებით, წლებია ყურადღებით აკვირდებიან მაუწყებელთა შორის სიხშირული სპექტრის განაწილების პროცესს და აფასებენ, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებებით ხელი შეუწყო როგორც რეგიონულ ტელემაუწყებელთა ფუნქციონირებას, ისე ახალ სათემო რადიომაუწყებელთა შექმნას, რაც მედიაპლურალიზმისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.

“ასეთ ფონზე ჩვენთვის გაურკვეველია – რა მიზეზით არის შეფერხებული იორმუღანლოს სათემო რადიო “ივრისთვის” სალიცენზიო კონკურსის პროცესის დაწყება” – წერია განცხადებაში.

მედია-ტექნოლოგიების სპეციალისტი კონსტანტინ სტალინსკი მიიჩნევს, რომ “ჩაკეტილ თემში ეთნიკური და რელიგიური ნიშნით მოწყვლად საზოგადოებას ახასიათებს ტენდენცია, კიდევ უფრო ჩაიკეტოს საკუთარი სოციუმის საზღვრებში”.

“ბარიერის გადალახვა უფროს თაობაში მხოლოდ მედიის საშუალებითაა შესაძლებელი. არ მაქვს ილუზია, რომ მაუწყებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში იორმუღანლოს თემი ბრწყინვალედ შეისწავლის ქართულ ენას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთვება. ეს პროცესი ხანგრძლივი და რუტინულია.” – ამბობს სტალინსკი.

“2017 წლის ივლისიდან კომისიაში მიმდინარეობს რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების მონიტორინგი. […] უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერის გამოცხადება”,  –  ასეთი წერილობითი პასუხი მიიღო “მეცენატმა”  “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის”  თავჯდომარე კახი ბექაურისგან.

სტალინსკის თქმით, კიდევ ერთი კვლევის ჩატარებას აზრი არა აქვს, რადგან პირველი გამოკითხვის შედეგების ანალიზისას ნათლად გამოჩნდა თემის სურვილი, მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის შეისწავლოს ქართული ენა.

“ორი წლის შემდეგ კიდევ ერთი კვლევის ჩატარების აზრს ვერ ვხედავ, მით უფრო, როდესაც ლიცენზიის დროულად გაცემის მაგივრად მარეგულირებელი კომისიისგან ვღებულობთ პასუხს, რომ “ამ ეტაპზე არ არსებობს სიხშირული რესურსი”. რესურსი არსებობს და ამას თავად კომისიის თანამშრომლები ადასტურებენ.” – აცხადებს კონსტანტინ სტალინსკი.

ქართულ მედიაში რუსული პროპაგანდის პრევენციაზე ხშირად საუბრობენ. ამ საკითხში ძირითადად დასავლეთსგან ითხოვენ დახმარებას, სტალინსკის აზრით კი, ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივი რესურსებითაცაა შესაძლებელი.  

“როდესაც არ გვაძლევენ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საშუალებას, ჩნდება კითხვა, რა დავარქვათ ხელისუფლების ამ ქმედებას – გამიზნული საბოტაჟი, თუ უნიათობა?” – თვლის კონსტანტინ სტალინსკი.

გულმამედოვას თქმითაც, რადიოს მთავარი მიზანი თემის ინტეგრაციაა, რომლის ერთ-ერთი გზაც ქართული ენის ცოდნაა.  

თემის მოსახლეობის უმეტესობა ქართულ ენას ვერ ფლობს და, შესაბამისად, ქართულ ენაზე ინფორმაციას ვერ იღებს.  

“მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზე მუშაობას დიდი აზრი არ აქვს, რადგან აზერბაიჯანული მედიასაშუალებები ისედაც არსებობს” – განმარტავს თოზუ გულმამედოვა, რადიო “ივრისის” რედაქტორი.

იორმუღანლოს თემში, განსაკუთრებით, უფროსი თაობისთვის, ინფორმაციის ძირითადი წყარო აზერბაიჯანის სატელევიზიო არხებია, რომლის მიღებაც სატელიტური თეფშებიდან ხდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, რომელიც ნეტგაზეთს მიაწოდეს, უკანასკნელი კვლევის შედეგად დადგენილი პრიორიტეტები 2018 წლის 25 თებერვლამდეა მოქმედი.

უწყების ცნობითვე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდება, რომლის საფუძველზე რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს დაადგენენ.

საქართველოში ამჟამად ხუთი სათემო რადიო მაუწყებლობს: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, რადიო “ნორი” (Radio NOR); მარნეულში, რადიო “მარნეული”; პანკისში სათემო რადიო “WAY”; გორში, სათემო რადიო “მოზაიკა”; ახალციხეში, სათემო რადიო “სამხრეთის კარიბჭე”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დავით ოქროპირიძე