ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ძიძების ხელფასის ნახევარი შესაძლოა სახელმწიფომ აანაზღაუროს

15 დეკემბერი, 2017 • 2970
სომხეთში ძიძების ხელფასის ნახევარი შესაძლოა სახელმწიფომ აანაზღაუროს

სომხეთის ეროვნულმა კრებამ “დასაქმების” შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.

ცვლილებების შესაბამისად, პირს, რომელიც 2 წლამდე შვილის მოვლის მიზნით შვებულებაში იმყოფება და  სამსახურში დაბრუნებას დროზე ადრე გადაწყვეტს, სახელმწიფოსგან დახმარების მიღება შეუძლია.  კანონი ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს.

ცვლილებების თანახმად, სახელმწოფო მზადაა, ოჯახს ძიძის ხელფასის 50% გადაუხადოს. ხელფასი კი მინიმალური ანაზღაურებას არ უნდა აჭარბებდეს. დღეს სომხეთში მინიმალური ხელფასი 55 ათასი დრამია [113 აშშ დოლარი]

“ორი შვილი მყავს, ერთი ორწლინახევრის, მეორე- ერთი წლის. დაახლოებით 3 წლის წინ წამოვედი სამსახურიდან, როდესაც ჩემი პირველი შვილი დაიბადა. მას შემდეგ სახლში ვარ. ვერავინ მოუვლის ჩემს შვილებს, მათი დამტოვებელი არავინ მყავს. ახლა ერთი წუთითაც ვერ ვიფიქრებ სამსახურზე. პროფესიით დიზაინერი ვარ. გარკვეული შემოთავაზებაც მქონდა სამსახურთან დაკავშირებით, მაგრამ არავინ დამთანხმდა, 16:00 საათზე გამოვიდე სამსახურიდან იმიტომ, რომ საბავშვო ბაღები ამ დრომდე მუშაობს და ბავშვების გამოყვანაც უნდა მოვასწრო”, –  ამბობს 31 წლის რუზანა ოგანესიანი.

სახელმწიფო პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქალმა პროექტში ჩართვა გადაწყვიტა, თუმცა, ოფიციალური ცნობით, ჯერ კიდევ არსებობს საკითხები კანონპროექტში, რომლებიც დაზუსტებას მოითხოვს.

სომხეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების დეპარტამენტის ხელმღვანელი, რუზანა პეპანიანი ამბობს, რომ პროგრამის ბიუჯეტი შეზღუდულია და გამორიცხული არ არის, პროგრამაში ჩასართავად ბევრად მეტი მსურველი აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ბიუჯეტით იქნება განსაზღვრული. ამიტომაც “საჭიროა განისაზღვროს სტანდარტები”.

კანონპროექტის თანახმად, დედას შეუძლია ძიძის არჩევა, ძიძა კი შეიძლება ოჯახის რომელიმე წევრიც იყო.

“დედამ, რომელიც დაწესებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და პროგრამის ბენეფიციარი გახდება, ძიძასთან კონტრაქტი უნდა გააფორმოს. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოსგან დახმარებას ვერ მიიღებს”, – ამბობს ლენა ნაზარიანი, სახალხო კრების დეპუტატი ოპოზიციური პარტია “ელკიდან”.

ლენა ნაზარიანს მიაჩნია, რომ ბევრი მშობელი ამ პროგრამით სარგებლობაზე უარს იტყვის, ფულის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შევსების გამო, რაც ხანგრძლივი პროცესი და რთული ამოცანაა.

“მიუხედავად ყველა უარყოფითი გამოხმაურებისა, მე ვეთანხმები იდეას, რომ სახელმწიფომ ახალგაზრდა დედებს არა ფულადი დახმარება, არამედ მათი სამსახურში დარჩენა უნდა უზრუნველყოს. პროექტის ერთ-ერთი დადებითი ასპექტი ისაა, რომ ძიძა დარეგისტრირებული დასაქმებული იქნება, შესაბამისად, მისი სამუშაო გამოცდილება გამოითვლება და პენსიაზე გასვლის დროს ნორმალურ თანხას აიღებს”, – ამბობს ლენა ნაზარიანი.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ კანონი ყველანაირი დაბრკოლების გარეშე დამტკიცდება, რადგან სახელმწიფო დონეზე მისი წინააღმდეგი არავინაა.

“ერთი შეხედვით ისინი საქებარ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ამ პროექტს ვარდისფერი სათვალით არ უნდა შევხედოთ. ამ კანონპროექტს ერთი მიზეზით იღებენ – სახელმწიფო ძიძას საგადასახადო სივრცეში შეიყვანს,” – ამბობს იურისიტი სუზანა პეტროსიანი, რომელიც შვილს თებერვალში ელოდება.

როგორც ის ამბობს, პროექტი დეტალურად შეისწავლა და პროგრამით სარგებლობას არ აპირებს, რადგან დიდი საგადასახადო ტვირთი დააწვება.

“სომხეთში ძიძის საშუალო შემოსავალი 100-110 [206- 226 აშშ დოლარი] ათასი დრამია და სახელმწიფოს კარგად ესმის, რომ თუ მე ამ პროგრამით ვისარგებლებ, დამსაქმებელი გავხდები, კონტრაქტს დავდებ სახელმწიფოსთან და ძიძასთან და გადასახადების გადახდას დავიწყებ, ხოლო გადასახადები სომხეთში დიდია. თუ მე საგადასახადო ტვირთს ავიკიდებ, გავკოტრდები. ისინი ისე იქცევიან, თითქოს გვეხმარებიან, მაგრამ სინამდვილეში ეს ახალი ტიპის ძარცვაა”, – ამბობს სუზანა პეტროსიანი.

“ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, რომელიც 1 იანვრიდან ძალაში შევა, თუ მოქალაქის ხელფასი 110 000 დრამს შეადგენს, მაშინ აუცილებელი დაგროვებითი შენატანისა და ყველანაირი გადასახადის გამოკლებით, მას მხოლოდ 78 200 დრამი [160 აშშ დოლარი] რჩება. ანუ, ძიძის აყვანის შემთხვევაში, სახელმწიფო მას უხდის 55 000 დრამს და 31 800 [65 აშშ დოლარი] უკან მიაქვს. მართალია, ქალი ნებისმიერ შემთხვევაში იღებს ფინანსურ დახმარებას, მაგრამ ამის სანაცვლოდ ძიძა საგადასახადო სივრცეში შეჰყავს” , – ამბობს უფლებადამცველი ანა ნიკოგოსიანი, რომლის ვარაუდითაც, ამ პროგრამის გამო ძიძების ხელფასები შემცირდება.

სომხეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კრიტიკას არ იღებენ და ამბობენ, რომ სომხეთში ძიძების საგადასახადო სივრცეში ჩართვის საჭიროება არ არსებობს.

“ეს უბრალოდ პროგრამაა, რომელიც ქალის შრომით ბაზარზე დარჩენის ხელშეწყობას ისახავს მიზნად”, –  ამბობს პეპანიანი.

პროგრამის ავტორების გათვლით, პირველი წლის განმავლობაში პროგრამას 200 ბენეფიციარი ეყოლება. შემდგომ წლებში, შედეგის, მიწოდებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, მასში მონაწილეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი