ახალი ამბები

სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აპრიორი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას აღარ გამოიწვევს

15 დეკემბერი, 2017 • 2406
სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აპრიორი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას აღარ გამოიწვევს

საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აპრილიდან შეიცვლება რეგულაცია ორმაგ მოქალაქეობაზე და დადგინდება პირობები, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აპრიორი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი აღარ გახდება.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ეს ნაწილი (32-ე მუხლის მეორე პუნქტი) სხვა რეგულაციებზე ადრე ამოქმედდება:

“იყო რეკომენდაცია, ინიციატივა  პარლამენტის წევრის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის, იმის თაობაზე,  რომ, ასე ვთქვათ, ახალი რეგულაცია ორმაგი მოქალაქეობის, უფრო სწორად, მოქალაქეობის შეთავსების თაობაზე, ამოქმედდეს იმაზე ადრე, ვიდრე სხვა რეგულაციები,”- განაცხადა კობახიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, კონსტიტუციის შემოთავაზებულ პროექტში გაწერილია, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის 32-ე მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული პირობები ამოქმედდება ამ კანონის, ანუ ცვლილებების შესახებ კანონის ამოქმედებისთანავე.

“ანუ, სავარაუდოდ, აპრილის თვეში უკვე დადგინდება ის პირობები,  რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აღარ გახდება აპრიორი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი,” – განმარტა კობახიძემ.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის შემოდგომაზე მესამე მოსმენით მიიღო, ორმაგი მოქალაქეობის საკითხი ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს. კერძოდ, 32-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად”

“საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით” 

ხოლო ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც დღეს, 15 დეკემბერს პარლამენტში მეორე მოსმენის ეტაპზეა,  32-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები უნდა ამოქმედდეს ამ კანონის ამოქმედებისთანავე. კონსტიტუციის მესამე მოსმენით მიღება უმრავლესობას საგაზაფხულო სესიაზე აქვს დაგეგმილი, შესაბამისად, ეს ცვლილებაც ამ დროისთვის შევა ძალაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი