ახალი ამბებისამართალი

სამშენებლო ობიექტს, სადაც მუშა დაიღუპა, ზედამხედველობის სამსახური შეისწავლის

15 დეკემბერი, 2017 • 2436
სამშენებლო ობიექტს, სადაც მუშა დაიღუპა, ზედამხედველობის სამსახური შეისწავლის

ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დედაქალაქის მერიის განცხადებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამშენებლო ობიექტს შეისწავლის. შემთხვევის ადგილზე 15 დეკემბერს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი იმყოფებოდა.

სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს „დეკო“ აწარმოებს. თბილისის მერიის წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ამწე, რომელიც საქარგილე კოჭების გადაადგილებას ახორციელებდა, ამოყირავდა.

როგორც შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი