ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებები ბუნდოვანია– გამჭვირვალობის კვლევა

15 დეკემბერი, 2017 • 1673
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებები ბუნდოვანია– გამჭვირვალობის კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა იღებს ბუნდოვან და გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს” წევრმა მამუკა ანდღულაძემ დღეს, 15 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კვლევის ანგარიში წარადგინა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2017 წლის იანვრიდან, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სათავეში ახალი ხელმძღვანელობა მივიდა.

ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს მაუწყებლის მხარდაჭერით შექმნილ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც შინაარსთან დაკავშირებული შესყიდვების შეძენა ტენდერების გარეშე შეეძლებათ, რაც გაზრდის კორუფციული გარიგებების რისკს.

გამჭვირვალობის შეფასებით, სარეკლამო დროის გაზრდა და სპონსორობის შესაძლებლობა დააზარალებს კერძო ტელევიზიებს იმ ფონზე, როდესაც მაუწყებელს აქვს სახელმწიფო დაფინანსება. ამის გარდა, ისედაც მწირ სარეკლამო ბაზარზე კონკურენციას გაუწევს კერძო ტელეარხებს.

“მაუწყებელს აქვს გარანტირებული შემოსავლები, რომლებიც იზრდება. სარეკლამო ბაზარი არ არის ძალიან დიდი, რომ დააკმაყოფილოს დღეს ბაზარზე არსებული ყველა მოთამაშის მოთხოვნები. საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლა დამატებით ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს”, – ამბობს მამუკა ანდღულაძე.

ანდღულაძის თქმით, გაიზარდა ეჭვი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენა გაიზარდა. ანდღულაძემ იგულისხმა ბერა ივანიშვილისგან მიღებული საჩუქარი – 400 000 ლარის ღირებულების ტექნიკა და ივანიშვილთან დაკავშირებული პირის – გოგა ხაინდრავას კომპანიის 500 000-ლარიან ტენდერში გამარჯვებია, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიღონ ტელესერიალი.

მამუკა ანდღულაძემ გააკრიტიკა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების უმეტესობა, მათ შორის, ამ საჩუქრის მიღებაზე თანხმობის გამო. კვლევის შეფასებით, საბჭოს წევრების უმრავლესობა სათანადოდ არ უთმობს ყურადღებას მაუწყებლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, რომ მაუწყებელი დაიცვან შიდა და გარე ნეგატიური გავლენებისგან.

“სამეურვეო საბჭო ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს, რისი შესაძლებლობაც სამართლებრივად მათ გააჩნიათ”, – ამბობს მამუკა ანდღულაძე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევის მიხედვით, არხზე განხორციელებული რეორგანიზაციის გეგმები და გადაცემების შეწყვეტა ბუნდოვანი გადაწყვეტილება იყო. ანდღულაძეს კითხვის ნიშნები უჩნდება მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის შექმნილმა კომისიამ მოიწონა პროექტები, თუმცა ხელმძღვანელობამ ბუნდოვანი მიზეზების გამო ეს პროექტები დაიწუნა.

“დასაქმების გაუმჭვირვალე პოლიტიკა. შტატები რომ გაბერილია, ამას არცერთი მენეჯმენტი არ უარყოფს, არც ახალი მენეჯმენტი. მაგრამ როგორ უნდა მოხდეს, რომ “ოქროს შუალედი” იყოს დაცული, შენარჩუნდეს მაღალკვალიფიციური კადრები, გაზარდონ მათი მოტივაცია, ეს გეგმა არათანმიმდევრული და ბუნდოვანია”, – ამბობს მამუკა ანდღულაძე.

მან აღნიშნა, რომ მაუწყებელზე მხოლოდ 3 ჟურნალისტი მიიღეს კონკურსის გაზით, 150 ჟურნალისტი კი, უკონკურსოდ. შესაბამისად, გაურკვეველი დარჩა, რის საფუძველზე მიიღეს ახალი ჟურნალისტები. ანდღულაძემ აღნიშნა, რომ ბევრი ჟურნალისტი გადავიდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ივანიშვილების ტელევიზია GDS–იდან.

მამუკა ანდღულაძე მოუწოდებს პარლამენტს, რომ აქტიურად უნდა ისაუბროს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენების შესახებ და არ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები შედის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი