სელმა ჰაიეკი ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს

მსახიობი სელმა ჰაიეკი ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. მსახიობმა New York Times-ში სტატია გამოაქვეყნა, სადაც ვაინშტაინს მონსტრს უწოდებს. სექსუალური შევიწროების გარდა, მსახიობი ამბობს, რომ პროდიუსერი მას მოკვლითაც ემუქრებოდა.

სელმა ჰაიეკი წერს, რომ ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოსვლა სხვა ადამიანების ღია განცხადებებმა გადააწყვეტინა. მისი თქმით, თავდაპირველად, ბედნიერი იყო ვაინშტაინთან და “მირამაქსთან” მუშაობით, რადგან მსახიობი თვლიდა, რომ კომპანია და მისი მფლობელი ჰარვი ვაინშტაინი ხარისხთან ასოცირდებოდნენ, თუმცა შემდეგ პროდიუსერი მას სექსუალურად ავიწროებდა.

სელმა ჰაიეკი და ჰარვი ვაინშტაინი ერთად მუშაობდნენ ფილმ “ფრიდაზე”. ფილმი ცნობილი მექსიკელი მხატვარის, ფრიდა კალოს შესახებაა. ჰაიეკი წერს, რომ მას შემდეგ, რაც ვაინშტაინს უარი უთხრა სქესობრივ ურთიერთობაზე, პროდიუსერი ფილმიდან მოხსნით დაემუქრა. ჰარვი ვაინშტაინის პრესსპიკერის განცხადებით, პროდიუსერი სელმა ჰაიეკის ყველა ბრალდებას უარყოფს.

ჰოლივუდის პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს სექსუალურ შევიწროებაში 40-მა მსახიობმა ქალმა დასდო ბრალი, მათ შორის – ანჯელინა ჯოლიმ და გვინეტ პელტროუმ. ვაინშტაინის მიერ ქალებზე ძალადობის შესახებ სტატია პირველად “ნიუ-იორკ ტაიმსმა” გამოაქვეყნა, სწორედ აქედან გახდა ცნობილი ჰოლივუდს მიღმა სამყაროსთვის ჰარვი ვაინშტაინის მიერ ქალი მსახიობების შევიწროების შესახებ. გაზეთს თავისი ისტორია მსახიობმა ეშლი ჯადმა გაუზიარა.

ჰარვი ვაინშტაინი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერია ჰოლივუდში, “მირამაქსის” და “ვაინშტაინ კომპანის” დამაარსებელი. იგი მის ძმასთან, ბობ ვაინშტაინთან ერთად მუშაობდა. სკანდალის შემდეგ პროდიუსერს ორივე კომპანიის დატოვება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ CNN-ის ცნობით, ეს იყო “ყველაზე ცნობილი საიდუმლო ჰოლივუდში”, სკანდალის გაცხადების შემდეგ ბობ ვაინშტაინმა თქვა, რომ “რცხვენია, ჰარვი ვაინშტაინის ძმა რომაა”. ვაინშტაინთან განქორწინების შესახებ განაცხადა მისმა ცოლმა ჯორჯიანა ჩეპმანმა. ვაინშტაინი გარიცხეს აკადემიიდან. ცნობილმა გამოცემებმა კი თავისი სტატიები ხმაურიანი სათაურებით გააფორმეს, “თამაში დამთავრებულია”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.