HRIDC ციხის ადმინისტრაციას დეკანოზ მამალაძის პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებს

ადამიანის უფლებათა ცენტრი ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების შესაძლო ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართავს.

რას აცხადებს HRIDC

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 – 13:00 საათის ინტერვალში, ორგანიზაციის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი, როგორც გიორგი მამალაძის ადვოკატი, იმყოფებოდა #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებულთან ხელმოსაწერად შეიტანა დოკუმენტაცია (მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესა და ერთ-ერთ ბანკს შორის ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტები).

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს წერილობითი განცხადებით მიმართული ჰქონდა #9 დაწესებულების დირექტორისთვის აღნიშნული დოკუმენტაციის შეტანასთან დაკავშირებით ინფორმირების თაობაზე.

#9 დაწესებულებაში შესვლისას, ადვოკატმა გაიარა უსაფრთხოების შემოწმება და მითითებული დოკუმენტებით შევიდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან. დაწესებულებაში შესვლისას დოკუმენტების შეტანაზე ადვოკატისთვს უარი არ უთქვამთ და არ ჩამოურთმევიათ. ადვოკატმა გააპროტესტა ის ფაქტი, რომ დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი შეეცადა დეტალურად გაცნობოდა დოკუმენტების შინაარს, რაც არსებული კანონმდებლობით, აკრძალულია. პროტესტის შემდეგ, დოკუმენტის შინაარსის გაცნობა შეწყდა და ადვოკატმა საბუთები დაუბრკოლებლად შეიტანა დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან.

პატიმართან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც თამარ ავალიანი შემოწმების ოთახში გადიოდა შემოწმებას, ოთახში შევიდა პირი, რომელმაც განაცხადა, რომ არის #9 პენიტენციური დაწესებულების უფროსის მოადგილე. მან ადვოკატს აუკრძალა მსჯავრდებულთან შეთანხმებული დოკუმენტების დაწესებულებიდან გატანა, იმ მოტივით, რომ ეს დოკუმენტები არ უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმეს, რაზეც დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელს იხდის. ადვოკატმა მას აუხსნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება, ადვოკატისთვის ჩამოერთმია დოკუმენტაცია, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ბანკთან ურთიერთობას ასახავდა, და ეს იყო პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაცნობის უფლებაც დაწესებულებას არ ჰქონდა.

ადვოკატმა პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებს ასევე შესთავაზა, რომ გავიდოდა დაწესებულებიდან, ხელახლა გამოწერდა საშვს, დაბრუნდებოდა პატიმართან  და თავად გადასცემდა გიორგი მამალაძეს მის პერსონალურ დოკუმენტაციას, რაზეც მიიღო აგრესიული პასუხი, რომ ამ დოკუმენტებით ადვოკატი ვერსად ვერ გადაადგილდებოდა (არსად გაუშვებდნენ) და უნდა მომხდარიყო დოკუმენტაციის ჩამორთმევა, რის შემდეგაც დოკუმენტებს მსჯავრდებულს თავად გადასცემდნენ. ამ გზით, ფაქტობრივად, ზეწოლის მეთოდებით, ადვოკატს ჩამოერთვა დოკუმენტები.

13 დეკემბერს თამარ ავალიანისთვის ცნობილი გახდა, რომ  აღნიშნული დოკუმენტები, რაც წარმოადგენდა დეკანოზ გიორგი მამალაძის პერსონალურ, პირად ინფორმაციას (მისი ურთიერთობა ბანკთან), პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებმა მსჯავრდებულს არ დაუბრუნეს და გადასცეს გამოძიებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და მუხლების მითითებით, განმარტოს:

  • რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ადვოკატისთვის ზემოაღნიშნული დოკუმენტების ჩამორთმევა;
  • რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ადვოკატის აღნიშნული დოკუმენტებით დაწესებულებაში შეშვება და თუკი დაწესებულებაში აკრძალული დოკუმენტი შექონდა ადვოკატს, რატომ შეუშვეს იგი დაწესებულებაში;
  • რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა აღნიშნული დოკუმენტების – მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის პერსონალური, პირადი საბანკო ინფორმაციის გამოძიებისათვის  გადაგზავნა;
  • სასწრაფო წესით დააარქივოს და გადასცეს ადამიანის უფლებათა ცენტრს 11 დეკემბერს ადვოკატ თამარ ავალიანის #9 დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერი (დაახლოებითი ინტერვალი: 10:30 – 13:00 საათი);
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრის გენერალურმა ინსპექციამ სასწრაფო წესით დაიწყოს მოკვლევა ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და მსჯავრდებულის პირადი, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე, რათა მოხდეს #9 დაწესებულების თანამშრომელთა დარღვევის იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა.

ნეტგაზეთი დილიდან ცდილობდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ამ საკითხზე საპასუხო კომენტარის ჩაწერას, თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებთ.

ე.წ. ციანიდის საქმე – ყველა ამბავი

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.