ახალი ამბები

ქალები სამართალდამცავებს ძალადობასა და მოძალადის მფარველობაში ადანაშაულებენ

15 დეკემბერი, 2017 • 3098
ქალები სამართალდამცავებს ძალადობასა და მოძალადის მფარველობაში ადანაშაულებენ

დღეს, 15 დეკემბერს, გამართულ პრეკონფერენციაზე სუს-ისა და და სხვა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები სავარაუდო მსხვერპლებმა ძალადობაში, ასევე, მოძალადეების მფარველობაში დაადანაშაულეს.

“სახელმწიფოს მხრიდან ვითხოვ მხოლოდ დაცვას და ჩემი სიმართლის დამტკიცებას, მაგრამ ვიღებ პირიქით… ” – განაცხადა ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც ამბობს, რომ ხუთ წელზე მეტია, რაც ქმრის, ვახტანგ თედიაშვილის მხრიდან ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისივე თქმით, არაერთხელ მიმართა გამოძიებას, თუმცა, თედიაშვილს დის ქმარი –  სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსანი ვასილ ღონღაძე მფარველობს. ძალადობის მსხვერპლი ქალი თავად მივიდა პრესკონფერენციაზე და მის საქმეზე ჟურნალისტებს თვითონ ესაუბრა.

სამცხე ჯავახეთის სამმართველოს მაღალჩინოსანს მოძალადის მფარველობაში ადანაშაულებენ

“წელიწადი და სამი თვეა, რაც დავშორდი. მას შემდეგ უამრავჯერ მიმიმართავს 112-ისთვის. ზუსტად ერთი თვისთავზე მივმართე პირველად 112-ის სამსახურს. დილის 8 საათზე შემოგვივარდა უგონო მთვრალი სახლში, ჩაწვა ლოგინში და მე აქ უნდა ვიყოო. სოფელ წაღვერში ვცხოვრობ, ბორჯომიდან წაღვერამდე არის 12 კილომეტრი, 10 წუთის გზაა. საათნახევრის შემდეგ მოვიდნენ. ამ საათნახევრის განმავლობაში სამჯერ განვახორციელე 112-ში ზარი, რომ რა ხდება, რითი ვერ მოვიდნენ და გაჰყავთ მოძალადე  ჩემი სახლიდან. გზაშია, წამოსულია – ასეთი პასუხებით მისტუმრებდნენ. ამ დროს იდგა უბნის ინსპექტორი და დანარჩენი პოლიციის თანამშრომლები შორიახლოს და უყურებდნენ, როდის გამოვიდოდა მოძალადე თავისი ნება-სურვილით ჩემი სახლიდან, რომ მერე შემოსულიყვნენ, ეს ფორმალური რაღაცები იქ დაეწერათ,”- განაცხადა მან.

როგორ ის ამბობს, ამ შემთხვევის შემდეგაც კი, მისი ქმარი, რომელიც არაერთხელ აედევნა ავტომობილით, მათ შორის, პოლიციის შენობიდან გამოსულსაც კი, არ დაუკავებიათ.

მისივე თქმით, ვახტანგ თედიაშვილი დააკავეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავისი ცოლი სკოლაში, კამერების წინ სცემა და კავშირმა “საფარმა” შესაბამისი შუამდგომლობით მიმართა გამოძიებას.

თუმცა, როგორც ქალი ამბობს, მასზე ზეწოლა ყოფილი ქმრის დაკავების შემდეგ არ დასრულებულა, მას ვასილ ღინღაძის შვილი და სიდედრი ადანაშაულებენ მცირეწლოვან შვილზე ძალადობაში, რაზეც შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

სუს-ის თანამშრომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული

მეორე საქმეზე, რაც სუს-ის თანამშრომელს ეხება, სავარაუდო მსხვერპლი არ ასაჯაროებს მოძალადის ვინაობას. საქმე ეხება სუს-ის თანამშრომლის მიერ ქალის ცემას, სიცოცხლის მოსპობის მუქარას და შანტაჟს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

“მსხვერპლი ქალის გადმოცემით, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის (სუს) თანამშრომელმა მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა ქალის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა და სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, რომელიც დასტურდება მსხვერპლისთვის გაგზავნილი შეტყობინებებით. 2017 წლის 4 დეკემბერს “საფარმა” მიმართა ვაკე-საბურთალოს მე-3 განყოფილებას, სადაც ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ გამოძიება მხოლოდ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო (ოჯახში ძალადობა), მაშინ, როცა ცალსახად იკვეთებოდა დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა (სისხლის სამართლის კოდექსის 1443მუხლი) და  1261 მუხლის მე-2 ნაწილით (ოჯახში ჩადენილი ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული შემადგენლობა.

მიმდინარე დღეების განმავლობაში, გამოძიებისა და დანაშაულის განმეორების პრევენციის მიზნით,  „საფარი’’ ითხოვდა საქმისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების ამოღებას, რიგი ექსპერტიზების ჩატარებასა და მოწმეების დაკითხვას, თუმცა აღნიშნული ღონისძიებები გამოძიებას არ ჩაუტარებია. მეტიც, დღემდე დაზარალებულს აქვს მხოლოდ მოწმის სტატუსი და მის მიმართ არანაირი დამცავი მექანიზმი  არ არის გამოყენებული. მათ შორის, მოთხოვნის მიუხედავად, არ გამოცემულა შემაკავებელი ორდერი. სუს-ის თანამშრომელი კი დღემდე აგრძელებს დაზარალებულის შანტაჟს ოჯახის წევრების მეშვეობით,”- აცხადებს “საფარი”.

ნეგაზეთმა კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც კონკრეტულ საქმეებზე არ ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ყველ ასეთ ფაქტს დეტალურად შეისწავლიან:

“შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ოჯახში ძალადობასთან და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გამოვლენილ ფაქტებზე ჩვენი სამართალდამცავები მყისიერ რეაგირებას ახდენენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ ასეთი ფაქტს დეტალურად შეისწავლის და კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს,”- განგვიცხადეს შსს-ში.

“კოალიცია თანასწორობისთვის”, ვინც ამ ქალებს ლეგალურ დახმარებას უწევს, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ქალების დასაცავად დაუყოვნებლივი ღონისძებების გატარებას ითხოვს.

კოალიციის წევრები საუბრობენ, თუ როგორი დაუცველია ქალი იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია.

“წელს “საფარს” წარმოებაში აქვს ხუთი საქმე, სადაც იკვეთება, რომ მოძალადე ძალოვანი სტრუქტურის წარმოამდგენელი, ან ყოფილი თანამშრომელი, ან მოძალადე სარგებლობს ძალოვანი სტრუქტურის მფარველობით. ამ შემთხვევებში, გამოძება არ მიდის დამოუკიდებლად, ეფექტურად და რიგ შემთხვევაში საქმე ბოლომდე საერთოდ არ მიდის და მართლმსაჯულება მიუღწეველი რჩება ქალებისთვის,”- განაცხადა ბაია პატარაიამ.

საიას წარმომადგენელი თამარ დეკანოსიძე ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლი, ამ ორი ქალის მიმართ სახელმწიფოსგან რეაგირებას მოითხოვენ:

“კვლავ პრობლემად რჩება ის შემთხვევები, სადაც სავარაუდო მოძალადე არის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ან ამ ორ უწყებასთან დაახლოებული პირი.. . რიგ შემთხვევებში თვით მსხვერპლის მიმართ ხდება გამოძიების წარმოება ცრუ დასმენის გამო. ეს არის ძალიან მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ზოგადად, ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა და მათი ძალადობისგან დაცვაზე, ვინაიდან ეს უგზავნის მესიჯს ძალადობის მსხვერპლ ქალებს სახელმწიფოს მხრიდან, რომ უნდა მოითმინონ ძალადობა, არ უნდა ისაუბრონ მასზე, რადგან თუ ისინი მიმართავენ სამართალდამცავებს, ამით მათი მდგომარეობა არათუ შეიძლება გაუმჯობესდეს, არამედ გაუარესდეს კიდეც,”- განაცხადა თამარ დეკანოსიძემ.

PHR-ის წარმოამდგენელი ანა არგანაშვილი კი ამბობს, რომ ასეთი ფაქტები ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ პოლიტიკას:

“ეს ძალოვანი სტრუქტურები სახელმწიფოს სახეს წარმოადგენენ და სწორედ იმიტომ, რომ ეს ძალოვანი სტრუქტურები დაუსჯელობის სინდრომის გამო არ რეაგირებენ მათი თანამშრომლების მხრიდან დანაშაულებზე, ეს სახელმწიფოს უმოქმედობაა. ამიტომ სახელმწიფო უწყებების მტკიცება იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ქალთა ძალადობასთან ბრძოლა მიმდინარეობს და პრიორიტეტია, გამოდის, რომ არ არის სიმართლე,”- განაცხადა ანა არგანაშვილმა.

“კოალიცია თანასწორობისთვის” მოითხოვს:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს დაუყოვნებლივ შეუჩერდეს უფლებამოსილება და მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გახდეს ქმედითი. აღნიშნულ საქმეში ძალდობის მსხვერპლს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და უზრუნველყოფილ იქნას მისი უსაფრთხოება.
  • დაიწყოს გამოძიება ვასილ ღონღაძის მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ხოლო [მსხვერპლი ქალის] წინააღმდეგ შეწყდეს გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
  • კატეგორიულად მოითხოვენ სახელმწიფოსგან მსხვერპლი ქალების ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების დაცვას, განსაკუთრების საქმეების გასაჯაროების გამო შექმნილი სავარაუდო რისკების გათვალისწინებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი