თხმ ბოდიშს იხდის 10 დეკემბრის აქციაზე ჰომოფობი შემსრულებლების გამოჩენის გამო

ნარკოპოლიტიკის შეცვლის მიზნით შექმნილი პლატფორმა “თეთრი ხმაურის მოძრაობა” ბოდიშს უხდის მათ, ვინც 10 დეკემბერს გამართულ აქციაზე ჰომოფობი შემსრულებლების სცენაზე გამოჩენამ შეურაცხყოფილი დატოვა.

მოძრაობის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ერთგული მხარდამჭერების განაწყენება არ წარმოადგენდა მოძრაობის მიზანს და წუხან, რომ სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის მოწინააღმდეგეთა ნაწილის სცენაზე ხილვა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებმა, მათ შორის ქვიარ თემის აქტივისტებმა, ჰომოფობიის მხარდაჭერად და პირად შეურაცხყოფად მიიღეს.

“ბოდიშს ვუხდით ყველა განაწყენებულ მხარდამჭერს შექმნილი არასასურველი ვითარებისთვის და ყველას, ვისაც გაუაზრებლად გული ვატკინეთ”, – წერია განცხადებაში. 

მოძრაობა აცხადებს, რომ ყოველთვის იქნებიან სოლიდარული სამოქალაქო უფლებების მოძრაობების მიმართ. ისინი მხარს უჭერენ ქალთა უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, სტუდენტების, მუშების, გარემოსდამცველ მოძრაობებსა და ქვიარ თემის წევრებს.

“ჩვენი მთავარი ლოზუნგი „ჩვენ არავის დავტოვებთ მარტო“, არ არის მხოლოდ ლოზუნგი, რადგან თეთრი ხმაურის მოძრაობის სავიზიტო ბარათი სწორედ ინკლუზიურობაა. პრობლემა, რომლის ირგვლივაც გავერთიანდით, ყველასთვის საერთოა. ქვიარ თემთან კი არა მხოლოდ სოლიდარულია მოძრაობა, არამედ ისინი ჩვენი ბრძოლის ავანგარდში დგანან და ჩვენთვის რთულიც კია აღნიშნულ თემზე განყენებულად საუბარი. ქვიარ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ხელი არ შეუშლია მოძრაობისთვის, ღია მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა მათთვის. თეთრი ხმაურის მოძრაობა ყოველთვის ცდილობდა, სისტემის მიერ ჩაგრული ჯგუფების ძალისხმევის გაერთიანებას უსამართლობასთან და ძალადობასთან ბრძოლაში. მიზანიც საერთო გვაქვს – საზოგადოებრივი კეთილდღეობა”, – წერია განცხადებაში.

თეთრი ხმაურის მოძრაობამ მადლობა გადაუხადა 10 დეკემბრის აქციაზე “ხმაური გამარჯვებისთვის! – ხალხი ითხოვს დეკრიმინალიზაციას” მყოფ თითოეულ ადამიანს და მუსიკოსთა კოლაბორაციას ტალღა, რომელშიც ადგილობრივი ჰიპ-ჰოპ სცენის ოცამდე მუსიკოსი გაერთიანდა.

10 დეკემბრის აქციაზე რამდენიმე შემსრულებლის გამოსვლის გამო განაწყენდნენ ლგბტ თემის წევრები და აქტივისტები, რადგან ეს პირები ჰომოფობიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ, რასაც დიდი დისკუსია მოჰყვა აქციის შემდეგ დღეებში.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” აზრით, 10 დეკემბრის აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მოსახლეობა, როგორც არასდროს, ერთიანი და პრინციპულია საკუთარ გადაწყვეტილებაში და არ აპირებს დათმოს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივი ბრძოლისა და შეთანხმების გამოძახილია.

მოძრაობის ინფორმაციით, კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფს გამოეხმაურნენ საკანონმდებლო ორგანოდან დაპირებით, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მომდევნო კვირას დაიწყება საკომიტეტო მოსმენები, ხოლო ახალ წლამდე კანონპროექტი გავა პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს მცირე დოზით ნარკოტიკული საშუალებების ფლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. კანონპოროექტის მიხედვით, ასევე ამუშავდება პროგრამები ნარკოდამოკიდებული პირების რეაბილიტაციისთვის. კანონპროექტის ავტორების თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ამ გზით შემცირდება ნარკოდამოკიდებული პირების რაოდენობა.

10 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” აქცია გამართა, სადაც გააპროტესტეს ნარკოპოლიტიკა და მოუწოდეს პარლამენტს, რომ დროულად დაიწყოს საპარლამენტო განხილვები კანონპროექტის მისაღებად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com