ახალი ამბები

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

14 დეკემბერი, 2017 • 2229
პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა კანონში მაუწყებლობის შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებას პლენარულ სხდომაზე 85 მომხრე და 6 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარადგინა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს არ აქვს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხარდაჭერა.

ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია  პროდუქციის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ ვრცელდება  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.

აგრეთვე, ახალი  რედაქციით, დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-, რადიო-, ასევე ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი პროდუქციის (პროგრამა, გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი, რეპორტაჟი, კულტურული ღონისძიება) ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელე-/რადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე;

გარდა ამისა, ახალი რედაქციით განისაზღვრა კომერციული რეკლამის საზოგადოებრივ მაუწყებლებზე განთავსების წესიც.  საზოგადოებრივ მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ განთავსდება უქმე დღეებში, აგრეთვე, საუკეთესო დროს (19:00 – 24:00). კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. თუმცა იზრდება კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ფარგლებში. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს( ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს.

მიღებული ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხისგან ნაშთი დარჩება, მას აღარ ექნება ვალდებულება, აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტშივე დააბრუნოს. ნაცვლად ამისა, აუთვისებელი თანხა წლის დასაწყისში დაემატება სახელმწიფოდან მიღებულ ახალ დაფინანსებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამიერიდან უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები მიმართოს სტარტაპების დაფინანსებისკენ. გადაწყვეტილებას არხის გენერალური დირექტორი მიიღებს საზოგადოებრივი საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით.

რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს, აქამდე მოქმედ მოქმედ კანონში გათვალისწინებული იყო, რომ სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; საბჭო უფლებამოსილი იყო, საკუთარი ინიციატივით ან გენერალური დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეეტანა დებულებაში. ახალ რედაქციაში საბჭოს უფლებამოსილება იგივე რჩება, თუმცა დებულებაში ცვლილებას ვეღარ შეიტანს, თუ ცვლილება მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებას შეეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი