უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

უკრაინის 21-წლამდე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და კაპიტანი, ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს მოქალაქე გახდა. პასპორტი მას ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

ბექა ვაჩიბერიძე 2016 წელს დონეცკის “შახტარიდან” ესპანური “რეალ ბეტისის” მეორე გუნდში გადავიდა, თუმცა 2017 წლის ივლისში უკრაინაში დაბრუნდა და კარიერა ოდესის “ჩერნომორეცში” განაგრძო. გასული წლის მარტში, როცა ქართველი ნახევარმცველი უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კარშიც გაიტანა გოლი.

როგორც ფეხბურთელი სხვადასხვა სპორტულ გამოცემებთან ინტერვიუებში აცხადებდა, ქართული მხარე იყო დაინტერესებული, რომ მას მიეღო საქართველოს მოქალქეობა და ეთამაშა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში.

ბექა ვაჩიბერიძე 21 წლის არის და სავარაუდოდ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვეღარ შეძლებს თამაშს. თუ გავითვალისწინებთ ფეხბურთის ფედერაციის ინტერესს, არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა ფეხბურთელი 2018 წლიდან უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახოს ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2018 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 2 თებერვალს აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს.

უკრაინის 21-წლამდე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს მოქალაქე გახდა. ფოტო: GFF

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.