ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ომბუდსმენმა ლეილა მუსტაფაევასთვის შრომითი ბინადრობის ნებართვაზე უარი უკანონოდ მიიჩნია

14 დეკემბერი, 2017 • 3421
ომბუდსმენმა ლეილა მუსტაფაევასთვის შრომითი ბინადრობის ნებართვაზე უარი უკანონოდ მიიჩნია

2017 წლის 7 დეკემბერს სახალხო დამცველმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ლეილა მუსტაფაევასთვის, თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლისთვის, შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა.

“სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ლეილა მუსტაფაევასთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება და მიიჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ დააფუძნა არა საქმეში გამოკვეთილ სამართლებრივ საფუძველზე, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტზე, რომლის არსებობაც წინამდებარე საქმეზე არ დადასტურდა. აღნიშნულმა გამოიწვია სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამო დასაბუთება, რამაც არსებითად ხელყო ლეილა მუსტაფაევას კანონიერი ინტერესები”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა, ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებით მიღებულ უარყოფით გადაწყვეტილებებში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აისახოს და დასაბუთდეს მართებული, რელევანტური სამართლებრივი საფუძველი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტი მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებსა და შემთხვევებში იქნას გამოყენებული.

ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, აფხაგან მუხთარლის გატაცების შემდეგ მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი