ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვარზე საბაჟოს მოწყობას გეგმავს

14 დეკემბერი, 2017 • 2104
აფხაზური მხარე ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვარზე საბაჟოს მოწყობას გეგმავს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის, ბესლან წვინარიას განცხადებით, “საქართველოსთან საზღვარზე საბაჟო სამსახური უნდა ამოქმედდეს”.

“თუ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ენგურის საზღვართან უნდა მუშაობდეს საბაჟო. განსხვავებას ვერ ვხედავ, დასავლეთთან იქნება საზღვარი თუ აღმოსავლეთთან. ვფიქრობ, უნდა აღვჭურვოთ საზღვარი საბაჟო მოთხოვნების შესაბამისად და გადასახადების საკითხი გადავჭრათ”.

მისივე განმარტებით, აუცილებელია განისაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომელის შემოტანაც უნდა აიკრძალოს აღმოსავლეთიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე. დანარჩენ საქონელზე კი გადასახადები დაწესდეს.

აფხაზური მხარის ცნობით, დღესდღეობით აკრძალულ საქონელს შორისაა ციტრუსი, ალკოჰოლი და თამბაქო.

“არავინ იცის, რამდენია საქართველოდან შემოსული ტვირთის მოცულობა, არანაირი აღრიცხვა არ ხდება. შესაბამისად, უნდა გაფორმდეს შემოსული ტვირთები”.

როგორც საბაჟო კომიტეტის წარმომადგენელი ამბობს, აღნიშნული საკითხი აფხაზეთის ხელისუფლების დღის წესრიგში დგას.

“ამ საკითხში მოწინააღმდეგეებიც გვყავს. ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტია ის, რომ ეს ტერიტორია არ არის კეთილგანწყობილი აფხაზეთის მიმართ და მათთან გარკვეული ურთიერთობების აწყობა მიზანშეწონილი არ არის. საქართველო საზღვარს ადმინისტრაციულად მიიჩნევს, ჩვენ კი – სახელმწიფო საზღვრად, და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო საზღვრის ყველა ატრიბუტით უნდა აღიჭურვოს”.

მისივე თქმით, ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შემდეგ, აღმოსავლეთ საზღვარზე მინერალური წყლის, “ბორჯომის” დიდი პარტიის კონტრაბანდა აღმოაჩინეს.

ენგურის ხიდი; ფოტო: თამარ ზანთარაია

მასალების გადაბეჭდვის წესი