ახალი ამბები

პუტინი: ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა

14 დეკემბერი, 2017 • 10648
პუტინი: ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად კი უკრაინის ოპოზიციური პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

“როსია 24”-ის ეთერში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ფიქრობს ის უკრაინაში მომხდარ მოვლენებზე, ასე უპასუხა:

“მე ვთვლი, რომ ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ეს მისი მხრიდან ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა. ამას აქამდე როგორ ითმენთ?! ის იყო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი და ახლა დაეხეტება მოედნიდან მოედანზე და ყვირის მთელი მსოფლიოს გასაგონად – “ მე უკრაინელი ვარ!” ნუთუ უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები აღარ დარჩნენ?! და უკრაინა ამ ყველაფერს ითმენს. ძალიან დასანანია ამის ყურება, გული მიკვდება პირდაპირ,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

თავის მხრივ, პუტინის განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ პუტინის ტერმინოლოგია  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას ემთხვევა.

“ მე დარწმუნებული ვარ, რომ “საქმე” ჩემს წინააღმდეგ და ჩემი დაკავება  უკრაინისა და რუსეთის თავდაცვის სამსახურების ერთობლივი ოპერაციაა. მერწმუნეთ, მე საკმარისი გამოცდილება მაქვს იმისთვის, რომ მსგავსი განცხადებებეი უსაფუძვლოდ არ გავაკეთო. პუტინმა ეს დღეს დაადასტურა” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ვლადიმერ პუტინს აწყობს უკრაინაში არსებული სიტუაცია და არ უნდა მისი დარღვევა, ხოლო თავად სააკაშვილი ეზიზღება და ეშინია.


მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თავდაპირველად 5 დეკემბერს დააკავეს, მის დასაკავებლად მის საცხოვრებელ სახლში სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა, თუმცა სააკაშვილმა სახლის სახურავზე ასვლა მოახერხა, ხოლო მოგვიანებით დაპატიმრებული სააკაშვილის მანქანით გაყვანა საცხოვრებელი სახლის ეზოდან სპეცდანიშნულების რაზმმა ვერ შეძლო, ვინაიდან ამის საშუალება მათ სააკაშვილის მხარდამჭერებმა არ მისცეს.

ამის შემდეგ უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ დროს რადასთან ახლოს მოწყობილ კარვების ქალაქში იმყოფებოდა და მხარდამჭერებს მიტინგზე სიტყვით მიმართავდა.

მოგვიანებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურესდა და იგი იძულებული გახდა კარვების ქალაქი 8 დეკემბრიდან დაეტოვებინა. 8 დეკემბერს ღამით ის უკრაინელმა სამართალდმცავებმა იმ სახლში დააკავეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს აფარებდა. სააკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

10 დეკემბერს კიევში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური პარტიის  – “ახალი ძალების მოძრაობის” ორგანიზებით. აქციის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი მოითხოვეს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტია (2004-2013). მან პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყანა დატოვა და 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის არაერთი მუხლის მიხედვით იდევნება, მათ შორის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების საქმეებზე.

2016 წლის ნოემბერში ის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია შექმნა. 2017 წლის ივლისში სააკაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, მაშინ როცა ის უცხოეთში იმყოფებოდა. ამის შემდეგ სააკაშვილი გახდა აპატრიდი (მოქალაქეობის არმქონე პირი). 2017 წლის სექტემბერში მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილი მისმა მხარდამჭერებმა შეიყვანეს უკრაინაში. მას შემდეგ ის კიევში იმყოფება და მართავს საპროტესტო აქციებს პოროშენკოს წინააღმდეგ.

უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ბრალს სდებს ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვიდან დაფინანსების მიღებაში მიტინგებისთვის, რომლის მიზანია უკრაინაში ხელისუფლების დამხობა.

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილზე 5 დეკემბერს ძებნა გამოაცხად უკრაინის სსკ 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩადენილია არაერთგზის), მე-15 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მცდელობა)  28-ე  მუხლის მეორე ნაწილით (სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენაც პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი).

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის გენერალურმა პროკურორმა 18 დეკემბერს დაკითხვაზე დაიბარა. აღნიშნულ ბრალდებებს, პროკურატურის მიხედვით,110-ე (უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა) დაემატა.

სააკაშვილი წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს და აბსურდულს უწოდებს.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი