ახალი ამბები

ჰაერის დაბინძურება ბავშვების ტვინის განვითარებას აფერხებს – იუნისეფის გამოკვლევა

14 დეკემბერი, 2017 • 6896
ჰაერის დაბინძურება ბავშვების ტვინის განვითარებას აფერხებს – იუნისეფის გამოკვლევა

გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია “იუნისეფი” ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია იმის შესახებ, როგორ აფერხებს ჰაერის დაბინძურება ბავშვების, განსაკუთრებით კი მცირეწლოვანი ბავშვების ტვინის განვითარებას.

როგორ ახდენს გავლენას დაბინძურებული ჰაერი გონების განვითარებაზე

[checklist]

  • დაბინძურებულმა ნაწილაკებმა შეიძლება გამოიწვიონ ნეიროანთება, რაც აზიანებს სისხლი-ტვინის ბარიერს, – თხელ, სათუთ მემბრანას, რომელიც იცავს ტვინს ტოქსიკური ნაერთებისგან.
  • მცირე ზომის დაბინძურებელ ნაწილაკებს ადვილად შეუძლიათ სისხლში შეღწევა, შემდეგ კი შეიძლება სისხლის ნაკადის საშუალებით ტვინამდე მიაღწიონ. მოხუც ადამიანებში სისხლი–ტვინის ბარიერის მოშლა მჭიდრო კავშირშია ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებებთან.
  • ჰაერის დამაბინძურებელი სპეციფიკური ნაწილაკები, მაგალითად, მაგნეტიტი, იმდენად პატარებია, რომ ადამიანის ორგანიზმში შეღწევა ყნოსვითი ნერვისა და ნაწლავის გზით შეუძლიათ.
  • მაგნეტიტი ძალიან გავრცელებულია ურბანულ სივრცეში. ამას ადასტურებს ისიც, რომ ეს ნაწილაკები ქალაქში მცხოვრები ადამიანების ტვინში უფრო ხშირადაა გავრცელებული. მაგნიტური მუხტის გამო მაგნეტიტის ნანონაწილაკები განსაკუთრებით მომწამვლელია, მას აქვს დამამჟავებელი ბუნება, რაც ხშირად ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს იწვევს.
  • მრავალციკლური არომატული ნახშირწყალბადი, რომელიც ტრანსპორტით გადატვირთულ ადგილებშია გავრცელებული, წიაღისეული საწვავის წვის შედეგად გამოიყოფა.მას წვლილი შეაქვს ტვინის თეთრი ნივთიერების შემცირებაში ან დაზიანებაში. თეთრი ნივთიერება შეიცავს ნერვულ ბოჭკოებს, რომლებიც ნეირონებს ეხმარება ტვინის სხვადასხვა ნაწილს შორის კომუნიკაციის დამყარებაში.
  •  ჰაერის დაბინძურება გავლენას ახდენს ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზეც. მათ შორის ამცირებს ვერბალურ და არავერბალურ ინტელექტს, მეხსიერებას და სკოლის მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე აისახება.
  • ფეხმძიმობისას  ჰაერის დაბინძურებული ნაწილაკების ჩასუნთქვის შედეგად მათ შეუძლიათ პლაცენტაში შეღწევა და ჩანასახის განვითარებად ტვინზე გავლენის მოხდენა, რაც შემდგომში შეიძლება მათ ჯანმრთელობაზე აისახოს. კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურება მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე განაპირობებს ჩვილის განვითარების დარღვევებს: ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ღელვა და დეპრესია.

[/checklist]

იუნისეფის ანგარიშის მიხედვით, დაბინძურებული ჰაერი ყველა ბავშვზე ახდენს გავლენას, თუმცა ყველაზე დაუცველი მცირეწლოვნები არიან. ანალიზის მიხედვით, მსოფლიოში 17 მილიონი მცირეწლოვანი (ერთი წელზე დაბალი ასაკის ბავშვები) ისეთ ადგილებში ცხოვრობენ, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი 6–ჯერ აღემატება ნორმად მიჩნეულ ნიშნულს. ამ ბავშვების უმეტესობა, დაახლოებით 12 მილიონი სამხრეთ აზიაში ცხოვრობს.

იუნისეფის კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება ასოცირდება ბავშვების ყველაზე დიდ მკვლელთან – პნევმონიასთან, რომელიც წელიწადში 920 000 ბავშვის სიკვდილის გამომწვევი მიზეზია. პნევმონიას ემატება ასთმა, ბრონქიტი და სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადება.

გაიზარდა იმ გამოკვლევების რაოდენობა, რომლებიც მიუთითებენ, თუ რა დიდ გავლენას ახდენს დაბინძურებული ჰაერი მოზარდის, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშების ტვინის განვითარებაზე.

გამოკვლევაში საუბარია იმის შესახებ, რომ ჰაერი განსაკუთრებით დაბინძურებულია ქალაქის დაბალგანვითარებულ უბნებში, “ჯურღმულებში”. იქ მცხოვრები ბავშვების უმეტესობას არ აქვს სუფთა წყალი, არის ანტისანიტარია, რაც ხელს უწყობს ინფექციური დაავადებების ეპიდემიას.

” მცირეწლოვან ბავშვებს განვითარებადი იმუნური სისტემა და მზარდი ფილტვები აქვთ, ამიტომ თითო ჩასუნთქვით  თავიანთ წონასთან შედარებით მეტ ჟანგბადს იღებენ, ვიდრე ზრდასრულები. ამავე ლოგიკის მიხედვით, დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვით თავის წონასთან შედარებით მეტ დაბინძურებულ ჟანგბადს იღებენ, ვიდრე ზრდასრულები”, – წერია გამოკვლევაში.

იუნისეფის გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა დიდი ქალაქების ცენტრალურ უბნებში. მსოფლიოში ურბანიზაციის ტემპების ზრდას არ მოსდევს შესაბამისი ზრუნვა დაბინძურების შემცირებაზე, რაც შესაძლოა შემაფერხებელ ფაქტორად გადაიქცეს მოზარდობის პერიოდში ტვინის განვითარებაზე და ხელი შეუშალოს არა მარტო მათი პოტენციალის გამოვლენას, არამედ მომავალ თაობებსაც გადაეცეს გენეტიკური გზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი