ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ევროკავშირი-აზერბაიჯანი: რა სურთ აზერბაიჯანელებს?

14 დეკემბერი, 2017 • 3298
ევროკავშირი-აზერბაიჯანი: რა სურთ აზერბაიჯანელებს?

რამდენიმე კვირის წინ ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც მიიღო, თუმცა აზერბაიჯანის მოქალაქეები მსგავს ფორმატებში მონაწილეობის მიღებაში ნაკლებად პრაქტიკულ სარგებელს ხედავენ.

ევროკავშირთან საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის დაწყებას აზერბაიჯანში ფართო რეზონანსი მოჰყვა.

აზერბაიჯანი, როგორც სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდი ფინანსური რესურსების მქონე ქვეყანა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას არასოდეს გეგმავდა. თუმცა აზერბაიჯანელებს მაინც სურთ ევროპასთან უფრო მეტი ინტეგრაცია.

პრაქტიკულ სარგებელს აზერბაიჯანის მოქალაქეები მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაში ხედავენ.

ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც მხარეებმა ბრიუსელში ხელი მოაწერეს, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე დიალოგს ითვალისწინებს.  

ჩვენ გამოვკითხეთ მოქალაქეები,  რას ფიქრობენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე და აზერბაიჯანისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.

ქენულ გასანზადე: მინდა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირის ქვეყნებთან აზერბაიჯანმაც მიაღწიოს. ეს გაუმარტივებდა ჩვენს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში შესვლას. არ გავწვალდებოდით დოკუმენტების მოკრებაში, არ დავკარგავდით ამდენ დროს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი მალე გადაწყდება დადებითად.

რასმია ბაბაევა: აზერბაიჯანში არ მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ამ მიმართულებით, თუმცა პრესპექტივა ყოველთვის არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ უვიზო რეჟიმის შემოტანა ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის დროის ფაქტორია.

თუმცა, რას მოგვცემს ეს? ბუნებრივია, ამას თან ახლავს გარკვეული პლუსები, ქვეყანა უფრო გახსნილი გახდება, თავს დავაღწევთ რაღაც ბიუროკრატიულ მომენტებს ვიზის მიღების დროს. როდესაც ესმით უვიზო მიმოსვლის შესახებ, ფიქრობენ, რომ ყველაფერი მარტივია, თუმცა აქაც არის ნიუანსები. შენგენის ზონაში 90 დღეზე მეტი წელიწადში ვერ დარჩები. ამ რეჟიმის დარღვევა შენგენის სისტემის შავ სიაში მოხვედრას ნიშნავს, ევროკავშირში შესვლის აკრძალვას და დაჯარიმებას.

უვიზო რეჟიმი არ გვაძლევს საშუალებას, ვიმუშაოთ ევროკავშირის ქვეყნებში, ამისთვის ცალკე ვიზა უნდა ავიღოთ. არადა, ბევრი აზერბაიჯანელი დღეს ევროპაში დასასვენებლად კი არა, სწორედ სამუშაოდ მიდის. მოკლედ, დიდწილად ბევრი არაფერი შეიცვლება ჩვენთვის.

თან ევროკავშირის უმთავრესი მოთხოვნაა რეალური ბრძოლა კორუფციიასთან. ამ საკითხში აზერბაიჯანს არ აქვს კარგი შედეგები.

ქენან ზეინალოვი: უვიზო რეჟიმი კარგია, მაგრამ ეს მიგრაციას გამოიწვევს. ასევე არ იქნებოდა კარგი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვისაც იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ევროპის ქვეყნებში ტერორისტული აქტები ხდება. აზერბაიჯანი კი ერთ- ერთი ყველაზე სტაბილური სახელმწიფოა. ზოგადად, ევროკავშირზე და აზერბაიჯანზე თუ ვისაუბრებთ, მაშფოთებს ჩვენი ქვეყნის მიმართ ორმაგი სტანდარტები. ამიტომაც მე უფრო რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობებს მივესალმები.

მეჰრიბან ბანიანლიარი: მინდა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებიც სარგებლობდნენ უვიზო რეჟიმით. წინა წელს ლამის ერთი თვე ვაგროვებდი საელჩოში შესატან საბუთებს. უვიზო რეჟიმი აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის მეტი დაახლოების საშუალება იქნებოდა. ბევრი ჩვენი მოქალაქე წავიდოდა ევროპაში და ევროპულ ფასეულობებს ეზიარებოდა.

გიულნარა ქერიმოვა – რამდენადაც ვიცი, ახლახან გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ ხალხმა საბოლოოდ ნახოს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ვიზების გამარტივების შედეგი – გასაგებია, რომ შეუზღუდავი სავიზო რეჟიმი არ არის მარტივი პროცესი.

იმედი მაქვს, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის მაინც გაუქმდება სავიზო რეჟიმი. პირდადად ჩემთვის ეს იქნებოდა ბიუროკრატიული პრობლემების თავიდან აცილება, დროის დაზოგვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი