ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ინფორმაციის თავისუფლებას ზღუდავს – არასამთავრობოები

13 დეკემბერი, 2017 • 3210
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ინფორმაციის თავისუფლებას ზღუდავს – არასამთავრობოები

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ითხოვს ისეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკონსტიტუციო სტანდარტს გააუარესებს.

საქმე ეხება კონსტიტუციის მე-18 მუხლს, რომლის მიხედვითაც ადამიანს აქვს უფლება, რომ კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას, ან სხვა პირის კომერციულ, პროფესიულ ან პირად საიდუმლოებას.

როგორც კონსტიტუციის ზემოხსენებული ჩანაწერიდან ჩანს, არსებობს 4 გარემოება, რის საფუძველზეც საჯარო უწყებას აქვს უფლება, რომ ინფორმაცია არ გასცეს, თუმცა ამ ჩანაწერთან დაკავშირებით პრობლემა აქვს იუსტიციის სამინისტროს და მის შეცვლას ითხოვს:

“აქ არ არის გაზიარებული ის მიდგომა, რომელიც მოცემულია ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მეორე პუნქტში”, – თქვა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ  11 დეკემბერს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე.

მისი თქმით, ამჟამად მოცემული ჩანაწერი ასეთი ფორმულირებით უნდა შეიცვალოს:

მითითებული უფლებების განხორციელება [იგულისხმება საჯარო ინფორმაციის მიღება] შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში: სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ან სასამართლოს დამოუკიდებელობის და მიუკერძოებლების უზრუნველსაყოფად.

სანდრო ბარამიძის თქმით, ეს ფორმულირება გადმოტანილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლიდან.

საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ბარამიძემ ეს განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც შემოთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსირეს. კომიტეტზე გაიმართა დებატებიც.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მისი აზრით, ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საჯარო უწყებას აქვს უფლება, უარი თქვას ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც “კონფიდენციალურადაა აღიარებული”, რისკს შეიცავს და ამაზე მსჯელობაა საჭირო. კობახიძე რისკს ხედავს სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის გაცემის შეზღუდვაშიც, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საპოვნელია ბალანსი, ე.წ. ოქროს შუალედი. მისი თქმით, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი არც ზედმეტად უნდა გაფართოვდეს და არც ზედმეტად შევიწროვდეს. მისი განმარტებით, ის, თუ რა არის სახელმწიფო საიდუმლოება, რომელიც ამჟამად ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველია, ადვილად გასარკვევია, რადგან ამას ამჟამინდელი კანონმდებლობა არეგულირებს, მაგრამ იგივე არ ხდება, მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების პირობასთან დაკავშირებით.

“ერთი ამოცანაა, რომ ზედმეტად არ გაფართოვდეს [საფუძვლები] და მეორე რისკი ისაა, რომ ისეთი ინფორმაცია არ გავასაჯაროოთ, რომელიც გასასაჯაროებელი არ არის. მაგალითად, პოტენციური დამნაშავის დოსიე, რომელიც არის სახელმწიფო, პირადი ან კომერციული საიდუმლოება? როგორც ასეთი – არა. მე რომ მივიდე, არ უნდა მომცენ ხომ ეს დოსიე? შეიძლება იყოს ვაკუუმი. მოკლედ ამოცანაა, რომ ზედმეტად არ გავაფართოოთ ჩარევის საფუძველი, მაგრამ ზედმეტადაც არ დავავიწროოთ”, – თქვა კობახიძემ.

სანდრო ბარამიძემ სხდომაზე მოიყვანა თეორიული მაგალითი, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხვდება რომელიმე სხვა ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს. მისი თქმით, უნდა გასაჯაროვდეს თუ არა მათი საუბრის დეტალები? ბარამიძის თქმით, ეს შეიძლება არც საქართველოს თავდაცვის მინისტრს უნდოდეს და არც მის კოლეგას, კონსტიტუციის ამჟამინდელი რედაქცია ქვეყანას ამ ტიპის გამოწვევების წინაშე აყენებს. ბარამიძეს არ დაეთანხმნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათი თქმით, უწყებამ, რომელსაც არ სურს გაკრვეული ინფორმაციის გასაჯაროება, უნდა გაიაროს ის პროცედურები, რომლებიც ამა თუ იმ დოკუმენტის ან მონაცემის ამ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოებად ცნობისა და გრიფირებისთვისაა საჭირო.

სანდრო ბარამიძის თქმით, იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს სთავაზობს ე.წ. სამწვეროვან ტესტს, რომლის საფუძველზეც უნდა გადაწყდეს, არის თუ არა საჯარო ესა თუ ის ინფორმაცია:

მისი თქმით, ინფორმაციის შეზღუდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად სამი პირობა იარსებებს:

[checklist]

  • [ინფორმაციის] შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით;
  • შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს რომელიმე ჩამოთვლილ ლეგიტიმურ მიზანს (ეროვნული უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, დანაშაულის პრევენცია, სხვათა უფლებების დაცვა, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილება, ან სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა);
  • შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

[/checklist]

 

არასამთავრობო ორგანიზაციები ბარამიძის მოსაზრებებს არ დაეთანხმნენ.  მათი აზრით, შემოთავაზებული ჩანაწერი ბუნდოვანია. კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ამ კუთხით მინიმალურ სტანდარტს აწესებს, ხოლო დღეისათვის არსებული საქართველოს კონსტიტუცია უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს – შესაბამისად, არ არის საჭირო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტის გაუარესება და იქ ისეთი ბუნდოვანი საფუძვლების ჩაწერა (მაგალითად, კონფიდენციალურად აღიარებეული ინფორმაცია), რომლის მეშვეობითაც უწყებები ადვილად იტყვიან უარს არასასურველი ინფორმაციის გავრცელებაზე.

დღეს 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. პარლამენტმა დამატებითი საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა დაამტკიცოს.

“იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის სახეების ამ ჩამონათვალის ამოღებას და მის ჩანაცვლებას ბუნდოვანი და სამართლებრივად გაუმართავი დანაწესით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კონსტიტუციური ცვლილებების ამოცანად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების კონსტიტუციაში ასახვა დაასახელა. იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება კი ამ ამოცანას სცდება. ვენეციის კომისიამ შეაფასა კონსტიტუციის ადამიანის უფლებების თავი და არცერთი შენიშვნა არ გამოუთქვამს იმ მუხლზე, რომლის ცვლილებასაც იუსტიციის სამინისტრო ითხოვს. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 2017 წლის გაზაფხულზე, უკვე დასრულებული საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობისას, არც იუსტიციის სამინისტროს გამოუთქვამს საჯარო კრიტიკა ამ მუხლთან დაკავშირებით.

შევახსენებთ პარლამენტის წევრებს, რომ საქართველო არის ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე, რაც ქვეყანას ავალდებულებს არათუ არ გააურესოს საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობა, არამედ იზრუნოს მის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებით სამწუხაროა ის გარემოება, რომ სწორედ იუსტიციის სამინისტრო – უწყება, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს-  ითხოვს ინფორმაციის თავისუფლების რეჟიმის მკვეთრ გაუარესებას.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიჩინოს კეთილგონიერება და არ გაითვალისწინოს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებული ინფორმაციის თავისუფლების შემზღუდავი და საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების დაცულ სფეროში არათანაზომიერი ჩარევის მაღალ რისკის შემცვლელი ინიციატივა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 11 არასამთავრობო აწერს.

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

“იუსტიციის სამინისტროს წინადადება ახალმიღებულ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მუხლის კორექტირების თაობაზე პირველი მოსმენით წარდგენილ პროექტში ასახული არ არის”, – ეს ინფორმაცია დღეს, 13 დეკემბერს IPN-მა გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარეზე დაყრდნობით.

”ჩვენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს ვთხოვეთ წარმოედგინა მაგალითები იმისა, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ინფორმაცია დასახური და რა შემთხვევაში შეიძლება გვაიძულოს ახალმა ჩანაწერმა ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება. ასეთი მაგალითები კომიტეტის სხდომაზე მოყვანილი არ ყოფილა. შესაბამისი ჩანაწერი კანონპროექტში ასახული არ არის. თუ რაიმე არგუმენტები იქნება წარმოდგენილი, შეიძლება საკითხს მეორე მოსმენისთვის დავუბრუნდეთ”, – IPN-ს ცნობით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი