ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა – თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები

დღეს, 13 დეკემბერს, დედაქალაქის საკრებულოში დავით ნარმანიას შემუშავებული და კახა კალაძის მიერ კორექტირებული თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. საფინანსო დოკუმენტს საკრებულოში კვირის ბოლოს უყრიან კენჭს. განხილვაში მონაწილეობს ოპოზიციაც, თუმცა ცნობილია, რომ ისინი დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ.

დედაქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი 861 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც 60 მილიონი მერიამ ტრანსფერის სახით ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღო.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, მომდევნო წლის ბიუჯეტიდან თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებას მოხმარდება.

მისი თქმით, 2018 წელს 41 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და ზოგადად ინფრასტქუქტურული პროექტების განხორცილიებაში.

ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში ყველაზე მთავარი მიმართულება ისტორიული ადგილების რეაბილიტაცია იქნება. მისი თქმით, დაგეგმილია ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა.

როგორც მერის მოადგილე ამბობს, 2018 წელს 11-მდე მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება, კერძოდ, მეტროს შემადგენლობების მოდერნიზაცია და ახალი შემადგენლობების შემოყვანა.

საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს არ სჯერათ, რომ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტით დედაქალაქში არსებული მწვავე პრობლემების მოგვარებას შეძლებს კახა კალაძის გუნდი. ოპოზიცია განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას საცობების, სოციალური და დასაქმების პრობლემებზე.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ კახა კალაძის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არაფრით განსხვავდება დავით ნარმანიას ბიუჯეტის პროექტებისგან, ასევე, კვლავ რჩება კორუფციის რისკები. მმართველი პარტიის წევრები კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის წევრები მორიგ პოპულისტურ განცხადებებს აკეთებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.