აშშ-ში სახელმწიფო მოხელეებს “კასპერსკის” ანტივირუსების გამოყენება აეკრძალათ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ამერიკელ მაღალჩინოსნებს  სამთავრობო სტრუქტურებში  რუსული “ლაბორატორია კასპერსკის” პროდუქციის გამოყენება ეკრძალებათ. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფო მოხელეებმა როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო უწყებებში პროგრამა სამი თვის განმავლობაში უნდა წაშალონ.

როგორც Meduza იუწყება , მსგავსი გადაწყვეტილება ტრამპმა იმ ეჭვების საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც “კასპერსკის ლაბორატორიის” პროდუქციის საშუალებით რუსული მხარე მალულად იღებს ინფორმაციას ამერიკული სამთავრობო უწყებებისგან. თუმცა კომპანიის წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ. აღსანიშნავია, რომ “კასპერსკის ლაბორატორია” წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა ამერიკულ ხელისუფლებასთან და მათთვის პროგრამებს წერდა.

როგორც “კასპერსკის ლაბორატორიაში” აცხადებენ, მსგავსი გადაწყვეტილება დიდ ზიანს მოუტანს ბიზნესს. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მათი პროდუქციის აკრძალვის მიზეზი გახდა არა რაღაც დარღვევა, არამედ ის, რომ მათი სათავო ოფისი რუსეთში მდებარეობს.

“ლაბორატორია კასპერსკის” ინფორმაციის უკანონო მოპოვებაში ადრეც ადანაშაულებდნენ. ისრაელის სპეცსამსახური “კასპერსკის ლაბორატორიის” შიდა ქსელში  ჯერ კიდევ 2015 წელს შეიჭრა და აღმოაჩინა ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების მონაცემებთან არასანქცირებული წვდომა, რის საფუძველზეც ამერიკულ სახელმწიფო სტრუქტურებში აიკრძალა “კასპერსკის ლაბორატორიის” პროდუქციის გამოყენება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან