ახალი ამბებიეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

13 დეკემბერი, 2017 • 2437
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სებ-ის მონეტარული პოლიტიკის საბჭომ დღეს მიიღო. მიღებული გადაწყვეტილებით, განაკვეთი 7%-დან 7.25%-მდე გაიზარდა.

განაკვეთის ზრდის მიზეზად ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების ზრდას ასახელებს, რაც ბოლო ორი თვის ბაზრის კვლევის შედეგად დამტკიცდა.

“კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ საგრძნობლად გაუფასურდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რამაც წინა პროგნოზთან შედარებით, გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე (მსგავსი სცენარი განხილული იყო მონეტარული პოლიტიკის 2017 წლის ნოემბრის ანგარიშში). ამასთანავე, ბოლო ორი თვის ბაზრის კვლევის ინდიკატორები ინფლაციური მოლოდინების ზრდაზე მიუთითებს, ხოლო ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესება ასუსტებს მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის შემცირების შესაძლებლობას. აქედან გამომ­დინარე, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შემცირების მიზნით, გამოიკვეთა მონეტარული პოლიტიკის რეაგირების საჭიროება.”-წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სებ-ში განმარტავენ, რომ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების ზომა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება  გაცვლითი კურსიდან ფასებზე მომდინარე ზეწოლა.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლის დასაწყისიდან შემცირებას დაიწყებს. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9% შეადგინა. ბანკის ინფორმაციით, ინფლაციის ზრდა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ნავთობის საერთაშორისო ფასების 40%-ის ფარგლებში  ზრდამ განაპირობა. ინფლაციის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად სები სააქციზო გადასახადების ზრდასაც ასახელებს. ეროვნული ბანკის თანახმად, აქციზის ზრდის გავლენა ინფლაციაზე დაახლოებით 3%-ს შეადგენს. ამ ფაქტორების განეიტრალების შემდეგ, ეროვნული ბანკი  2018 წლის დასაწყისში ინფლაციის  შემცირდებას ელოდება. 2017 წლის მიზნობრივი ინფლაცია 4%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი