ახალი ამბებიეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში წარადგინა

13 დეკემბერი, 2017 • 2648
ფინანსთა მინისტრმა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. ბიუჯეტის პროექტით, 2018 წელს 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის დაგეგმილი. მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 მლრდ 441 მლნ ლარით განისაზღვრა.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, ყველაზე მეტი დაფინანსება – 3 მილიარდ ლარზე მეტი გამოყოფილია ჯანდაცვის სამინისტროსთვის.

მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ ყველაზე დიდ ფინანსურ რესურსს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოუყოფს. უწყებისთვის გამოყოფილი თანხა თითქმის ორი მილიარდი ლარია. მინისტრის განცხადებით, ამ თანხიდან წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 2018 წელს 196 მლნ ლარია გამოყოფილი. სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ნაწილი (72%) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.

2018 წელს მესამე პრიორიტეტულ მიმართულებას მთავრობისთვის განათლება წარმოადგენს. განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 815 მლნ ლარია.

მინისტრის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტის ფისკალური პოლიტიკა სამ ძირითად პრინციპს ითვალისწინებს:  მშპსთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივი შემცირება და მთავრობის დანაზოგების ზრდაარსებული რესურსების მაქსიმალურად მიმართვა საინვესტიციო (კაპიტალური) ხარჯების დასაფინანსებლად და საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება.

ფინანსთა მინისტრმა IMF-გან ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მიღებულ ფინანსურ მხარდაჭერაძეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად, IMF-ის პროგრამის შეფასება  მმართველთა საბჭოზე განხილვის გარეშე დამტკიცდა. მამუკა ბახტაძემ ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა და დეპუტატებს ათი თვის წინასწარი მონაცემები გააცნო.

“4.9%-ია  ჩვენი პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლისთვის. მინდა აუცილებლად ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი მომავალი წლებისათვის. ამ ვარაუდს ამყარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებიც,”- განაცხადა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ტურიზმზე და ამ სექტორიდან მიღებულ შემოსავლებზე.

2016 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა პირველად გადააჭარბა 6 მილიონს. წელს კი, 11 თვის მდგომარეობით, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 7 მილიონს შეადგენს. ჩვენი პროგნოზით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა მიიღებს ამ სექტორიდან 2,8 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალს,“ -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტურიზმთან ერთად, ფინანსთა მინისტრმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეც ისაუბრა. შემოსული ინვესტიციების რაოდენობის შეფასებისას მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ FDI ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 594.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის დაზუსტებულ მონაცემს 17.6 პროცენტით აღემატება,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პარლამენტში გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ რეფორმაზე, რომელიც გაუნაწილებელი მოგების გადასახადისგან გთავისუფლებას გულისხმობდა.

“მიმდინარე წელს დაფიქსირებული ტენდენციის მიხედვით, ქართულ ეკონომიკაში გენერირებული მოგების რეინვესტირება თითქმის გაორმაგდა. გასულ წლებში, პირველი სამი კვარტალის განმავლობაში, რეინვესტირების მაჩვენებელი დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მიმდინარე წელს კი  უცხოელმა ინვესტორებმა თითქმის 600 მილიონ აშშ დოლარი ჩააბრუნეს ქართულ ეკონომიკაში,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი