ახალი ამბები

ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა – ერდოღანი

13 დეკემბერი, 2017 • 2708
ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა – ერდოღანი

“ისრაელი ტერორისტული და ოკუპანტი სახელმწიფოა” – ასე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ. თურქული TRT-ის ცნობით, განცხადება ერდოღანმა სტამბოლში, “ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის” საგანგებო სხდომაზე გააკეთა, რომელიც იერუსალიმის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების განსახილველად შეიკრიბა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპის განცხადება, რომელიც ადამიანურობას ეწინააღმდეგება,  “ტერორისტ და ოკუპანტ” ისრაელს “ტერორისტული აქტებისკენ” წააქეზებს. ერდოღანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, აღიარონ პალესტინის დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმი, რომლის ოკუპირებაც ისრაელმა 1967 წელს, ექვსდღიანი ომის დროს განახორციელა.

სხდომა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ “ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ” ხელი უნდა შეუწყოს სხვა ქვეყნებს, აღიარონ პალესტინა 1967 წლის საზღვრებით. მისივე თქმით, ტრამპის განცხადება “არალეგალური ოკუპაციის აღიარებაა”.

ერდოღანთან ერთად დონალდ ტრამპის განცხადებაზე იორდანიის მეფე, ქუვეითის ემირი და პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მსჯელობდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის, აზერბაიჯანის, ავღანეთისა და სხვა მუსლიმური ქვეყნების პრეზიდენტებიც, ასევე, სხვა სახელმწიფოთა მთავრობის წარმომადგენლები. “ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის” სხდომის ბოლოს დასკვნით კომუნიკეს მიიღებენ.

13.12.17 "ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის" საგანგებო სხდომა. ფოტო/ 13.12.17 თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი "ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის" სხდომაზე. ფოტო: EMRAH YORULMAZ / ANADOLU / POOL

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად 6 დეკემბერს გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ახლა, ორდეკადიანი უარის შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის საუკეთესო დროა. მანვე მზადება გამოთქვა აშშ-ის საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადასატანად.

ტრამპის გადაწყვეტილება მუსლიმურ ქვეყნებში ერთხმად დაგმეს, ევროპაში კი მოსაზრებები ორად გაიყო: აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება კრიტიკულად შეაფასეს დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის პირველმა პირებმა, ჩეხეთისა და ავსტრიის მემარჯვენე ლიდერები კი გადაწყვეტილებას მიესალმნენ. პარალელურად,  შეტაკებები არ წყდება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის სამართალდამცავებსა და პალესტინელ აქტივისტებს შორის, რომლებიც ტრამპის განცხადებას რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი