ახალი ამბები

სააკაშვილი ლუცენკოს ულტიმატუმზე: გენპროკურორმა ნამდვილი მიზნები გამოამჟღავნა

13 დეკემბერი, 2017 • 3017
სააკაშვილი ლუცენკოს ულტიმატუმზე: გენპროკურორმა ნამდვილი მიზნები გამოამჟღავნა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის ულტიმატუმს ეხმაურება. ტელეკომპანია “zik TV”-სთან საუბრისას მან ლუცენკოს არაკომპეტენტურობაზე მიანიშნა და აღნიშნა, რომ ბრალდება, რომელსაც მას უყენებენ, ექსტრადიციის პროცედურის დაწყების წინაპირობას არ წარმოადგენს. სააკაშვილის თქმით, ქვეყნის ხელისუფლების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მისი უკრაინიდან გაძევებაა.

“უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თავისი ნამდვილი მიზნები გამოამჟღავნა. იური ლუცენკომ განაცხადა, რომ თუკი საკუთარი ნებით არ დავტოვებ უკრაინას, საქართველოში ჩემი ექსტრადირება მოხდება. მე მესმის, რომ მას არ აქვს იურიდიული განათლება, მაგრამ თუ ადამიანი სახელმწიფოებრივ დანაშაულს ჩადის, ამ დანაშაულის გამო სასჯელი არ შეიძლება იყოს დეპორტაცია სხვა ქვეყანაში, მაგალითად, წარმატებულ ჰოლანდიასა და პოლონეთში. ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები ემსახურება ერთადერთ მიზანს: მე არ უნდა ვიყო უკრაინაში”, – აღნიშნა სააკაშვილმა. კომენტარის თარგმანს “რუსთავი2” ავრცელებს.

მანვე აღნიშნა, რომ ორშაბათს პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდება.

იური ლუცენკომ მიხეილ სააკაშვილს ულტიმატუმი 12 დეკემბერს წაუყენა. უკრაინულ გამოცემა “ჩას პიკთან” საუბრისას უკრაინის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ თუ სააკაშვილის უკრაინას ნებით არ დატოვებს, მისი საქართველოში ექსტრადირება განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი