ახალი ამბებიეკონომიკა

რას ითვალისწინებს აუდიტის სამსახურის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია

12 დეკემბერი, 2017 • 2403
რას ითვალისწინებს აუდიტის სამსახურის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია

დამოუკიდებლობის გაძლიერება, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესება და ძირითადი პარტნიორების ჩართულობის გაძლიერება, ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილებია.

გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, ამ სტრატეგიით აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები შედეგზე უფრო მეტად ორიენტირებული უნდა იყოს.

“ამ სტრატეგიის მიზანია ჩამოვაყალიბოთ დამოუკიდებელი, ინსტიტუციონალურად ძლიერი სამსახური. ჩვენი კვალიფიკაციური საქმიანობით გვინდა მეტი წვლილი შევიტანოთ საჯარო ფინანსების მართვის პროცესში. ჩვენი რეკომენდაციები იქნება პრევენციაზე ორიენტირებული. ჩვენ არ ვართ სადამსჯელო ორგანიზაცია და ზუსტად პარლამენტის აქტიური ჩართულობით, ვფიქრობთ, რომ ჩვენი რეკომენდაციები იქნება შედეგზე ორიენტირებული,” – განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

2018-2022 წლების სტრატეგიით გათვალისწინებულია პარლამენტთან, მთავრობასთან, საზოგადოებთან და დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

პარლამენტთან ურთიერთობის კუთხით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საპარლამენტო კომიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს. მთავრობასთან თანამშრომლობის კუთხით, სამსახურის სტრატეგიაში წერია, რომ აუდიტის სამსახური ხელს შეუწყობს მთავრობას ბიუჯეტის შესრულების პროცესში.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აუდიტის ანგარიშგების აღქმადობის გაუმჯობესება. საუბარია ჩვენს დასკვნებზე და რეკომენდაციებზე, რათა ჩვენი მიგნებები გასაგები იყოს მომხმარებლისთვის. ღირებული იყოს პარლამენტისთვის და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის,”- განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.

ირაკლი მექვაბიშვილმა სტრატეგიის განხილვისას ვებ-პლატფორმაზე ბიუჯეტის მონიტორის შესახებ ისაუბრა (https://budgetmonitor.ge/ka). ამ ვებ-გვერდის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თვალყური ადევნონ ბიუჯეტის შესრულებას.

2018-2022 წლების სტრატეგიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის გაძლიერებაც მოხვდა. გენერალური აუდიტორი განმარტავს, რომ 2017 წლის ბოლოს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები აუდიტის სამსახურის კანონს ორგანული კანონის სტატუსს ანიჭებს.

ევროკავშირის წარმომადგენლის, ვინსენტ რეის თქმით, ევროკავშირი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თითქმის 10 წელია, რაც დახმარებას უწევს.

“ეს სტრატეგია საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაუახლოებს საერთაშორისო და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას. ჩვენ მხარს ვუჭერთ წარმოდგენილ სტრატეგიას,”-აცხადებს ვინსენტ რეი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი