ახალი ამბები

რა უნდა იცოდეთ ბავშვის ინტერნეტსაფრთხეებისგან დასაცავად – იუნისეფის რჩევები [ინფოგრაფიკა]

12 დეკემბერი, 2017 • 2646
რა უნდა იცოდეთ ბავშვის ინტერნეტსაფრთხეებისგან დასაცავად – იუნისეფის რჩევები [ინფოგრაფიკა]

რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა იმისთვის, რომ მოზარდები დაცული იყვნენ ინტერნეტში. გაეცანით რჩევებს, რომელიც გაეროს ბავშვთა ორგანიზაციამ თავის კვლევაში “ბავშვები ციფრულ სამყაროში” ჩამოაყალიბა.

იუნისეფის ანგარიში საუბრობს იმის შესახებ, რომ ციფრულმა ეპოქამ გაზარდა არსებული რისკები და ახალი საფრთხეები შეუქმნა ბავშვებს. ძალადობა, ექსპლუატაცია და ბავშვებით ვაჭრობა არა მხოლოდ ინტერნეტის ბნელ მხარეშია აქტუალური, არამედ ძირითად ციფრულ პლატფორმებსა და სოციალურ მედიაშიც ხშირად გვხვდება. ბავშვებს ემუქრებათ სხვა საფრთხეებიც, როგორიცაა კიბერბულინგი, ასაკისთვის შეუფერებელი ონლაინ რესურსები და მასალა, მაგალითად, პორნოგრაფიული და აზარტული თამაშების საიტები.

“ამ საიტებზე ბავშვები დაუბრკოლებლად შედიან და ბევრი მათგანისთვის უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. ონლაინ მიყენებულმა ზიანმა შეიძლება სამუდამოდ დაუმახინჯოს ცხოვრება პატარას”, – წერია ანგარიშში

რა უნდა ასწავლოთ ბავშვებს:

[checklist]

  • ყველაფერი, რასაც ისინი ქსელში გააზიარებენ – სოციალური მედიის კომენტარები იქნება თუ ვიდეოები- ვეღარ ჩაითვლება პირად ინფორმაციად. ასევე, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მათ მიერვე შექმნილ მასალას, როგორიცაა, მაგალითად, სექსუალური შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სექსუალური ხასიათის ფოტოები თუ ვიდეოები. ეს ყველაფერი ადვილად შეიძლება ჩაუვარდეს ხელში უცხო პირებს და გამოძალვის საფრთხის წინაშე დააყენოს ბავშვი.
  • უნდა იცოდნენ, გააკონტროლონ და დაიცვან საკუთარი პირადი მონაცემები და ინფორმაცია; დავეხმაროთ, გაიაზრონ, რომ თუ მათი მონაცემები სათანადოდ არ იქნება დაცული, შეიძლება, ვინმემ მათი იდენტობა მიითვისოს და ბოროტად გამოიყენოს მათი მონაცემები.
  • ბავშვებმა უნდა ისწავლონ, რომ ონლაინ კომუნიკაცია ძალიან განსხვავდება ტრადიციული კომუნიკაციისგან: ის მოკლებულია სიტყვიერ მასალას, მიმიკას, გამომეტყველებას და ადვილად შეიძლება, ანონიმურად იქცეს. სოციალურ-ემოციური სწავლება და თანაგრძნობის განვითარება დაეხმარება ბავშვებს, გამოიმუშავონ გამძლეობა, შეამცირონ ონლაინ ძალადობა და სიძულვილის ენის გამოყენება.
  • მშობლები და ზოგადად, უფროსები, უნდა სთავაზობდნენ ბავშვებს ისეთ როლურ მოდელებს, რომლებიც მათ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პასუხისმგებლობით გამოყენებასა და ირგვლივ მყოფთა პატივისცემას ასწავლის.

[/checklist]

იუნისეფს მიაჩნია, რომ ინტერნეტის საფრთხეებისაგან ბავშვების დაცვის სტრატეგიები თავად ბავშვების ასაკს, ცოდნასა და უნარებსაც უნდა ითვალისწინებდეს. მცირეწლოვან ბავშვებს მეტად სჭირდებათ მშობლების, მასწავლებლებისა და სხვა, მათთვის სანდო პირების მეთვალყურეობა და დახმარება. მოზრდილი ბავშვები კი უფრო დამოუკიდებლები არიან და მათ ხანდახან გარისკვაც უნდათ. გონიერების ფარგლებში საკუთარ თავზე რისკის აღება საჭიროცაა ბავშვისთვის, რათა მან განივითაროს ადაპტირების, თავდაცვისა და პრობლემებთან გამკლავების უნარი.

ინტერნეტის საშუალებით სექსუალურ ექსპლუატაციასთან ბრძოლის მიზნით შემუშავებული We Protect Global Alliance-ის ჩარჩო უკვე 70-მა ქვეყანამ მიიღო. ეს მოდელი კოორდინირებული, კომპლექსური პასუხია ამ პრობლემაზე და სხვადასხვა არეალისთვის შემუშავებულ სამოქმედო რეკომენდაციებს შეიცავს.

იუნისეფის რჩევები კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მიმართაც აქვს:

[checklist]

  • სანდო მონაცემებზე დაფუძნებული პროგრამები და პოლიტიკა მშობლებსა და ბავშვების ზრუნვაზე პასუხისმგებელ სხვა პირებს უნდა დაეხმაროს, აუხსნან ბავშვებს ციფრული ტექნოლოგიების გონივრულად გამოყენების მნიშვნელობა და მხოლოდ შეზღუდვებითა და აკრძალვებით არ შემოიფარგლონ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თანატოლთა მონიტორინგის პროგრამებიც, რადგან მათი საშუალებით ბავშვები ერთმანეთის დახმარებასაც უფრო ეფექტურად მოახერხებენ.
  • ბავშვები სულ უფრო მცირეწლოვან ასაკში იწყებენ ინტერნეტით სარგებლობას. სკოლებმა დაწყებითი კლასებიდანვე უნდა იზრუნონ სასწავლო პროგრამებში ციფრული ცოდნისა და უნარების ინტეგრირებაზე.
  • კერძო კომპანიები არ უნდა ცდილობდნენ, მოგების მიზნით, მაგალითად, მიზნობრივი რეკლამისთვის, გამოიყენონ ბავშვების პირადი მონაცემები. მათ უნდა შეიმუშაონ ეთიკური პროტოკოლი და მკაცრი კონტროლის მექანიზმები ბავშვების მონაცემთა დაცვის მიზნით.
  • მასწავლებლებსაც სჭირდებათ უნარების განვითარება საიმისოდ, რომ უკეთ დაეხმარონ თავიანთ მოსწავლეებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში და გააცნობიერონ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების მნიშვნელობა საკლასო ოთახის ფარგლებს გარეთ.
  • დაუცველ ბავშვებს, რომლებიც ფორმალური განათლების სისტემას მოსწყდნენ ან მათ, ვისაც არასოდეს მიუწვდებოდა ხელი ფორმალურ განათლებაზე, შეიძლება ყველაზე მეტად დაეხმაროს ონლაინ სწავლის შესაძლებლობა. პროფესიული განათლების ცენტრებში ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომა შეიძლება ერთადერთი შანსი იყოს ასეთი ბავშვებისთვის, ისწავლონ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.
  • კერძო კომპანიებმა ადვილად გამოსაყენებელი ინსტრუმენტების უფრო ფართო არჩევანი უნდა შესთავაზონ მშობლებს. ეს ინსტრუმენტები, მაგალითად, პაროლის დაცვის მექანიზმი, კონტაქტების ბლოკირება, ასაკის გარკვევა და ფილტრაცია, საშუალებას მისცემს მშობლებს, უფრო უსაფრთხო ონლაინ გარემო შეუქმნან თავიანთ შვილებს, განსაკუთრებით კი, მცირეწლოვან ბავშვებს. კერძო სექტორმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ინსტრუმენტების მუდმივ მონიტორინგსა და შეფასებაზეც.
  • ტექნოლოგიების მწარმოებლებმა და ინტერნეტ პროვაიდერებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მათი ქსელებითა და სერვისებით არ ისარგებლონ დამნაშავეებმა და არ გაავრცელონ ბავშვებთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალები.
  • კომპანიები, რომლებიც მართავენ სოციალურ მედიასა და სხვა პლატფორმებს, მოხმარების პირობებს უნდა აყალიბებდნენ მარტივი, ბავშვებისთვის გასაგები ენით და სთავაზობდნენ ბავშვებს ადვილ გზებს წამოჭრილი პრობლემების დროული შეტყობინებისთვის.
  • მთავრობებს, კერძო კომპანიებს, სკოლებსა და სხვა ინსტიტუციებს ხელთ აქვთ ბავშვების შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი მონაცემი, რომლებიც ონლაინ გროვდება და ინახება. თითოეულ ამ ორგანიზაციასა და ინსტიტუციას ევალება ამ მონაცემების დაცვა საერთაშორისო და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად.

[/checklist]

იუნისეფს მიაჩნია, რომ ინტერნეტის პოლიტიკა ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე სათანადოდ არ ითვალისწინებს ბავშვების განსაკუთრებულ საჭიროებებსა და მათ უფლებებს, იმის მიუხედავად, რომ ბავშვები მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა მესამედს შეადგენენ.

“ეროვნულ სტრატეგიებს, რომლებიც ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის, მათი ჯანმრთელობისა და განათლების საკითხებს ეხება, ჯერ კიდევ არ გაუთავისებია ციფრული ტექნოლოგიების ძალა დარგობრივი მიზნების მიღწევაში,” – ვკითხულობთ ანგარიშში.

იუნისეფის რჩევაა, რომ  სახელმწიფო და კერძო სექტორი უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნას რელევანტური ონლაინ-რესურსი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი რესურსის შექმნა უმცირესობათა ენებზე და გეოგრაფიულად იზოლირებულ და მეჩხრად დასახლებულ პუნქტებში.

იუნისეფის კვლევა_2017
Infogram

მასალების გადაბეჭდვის წესი