ახალი ამბები

“m2” აცხადებს, რომ “ხრუშჩოვკების” საკითხზე თბილისის მერიასთან მუშაობს

11 დეკემბერი, 2017 • 2440
“m2” აცხადებს, რომ “ხრუშჩოვკების” საკითხზე თბილისის მერიასთან მუშაობს

კომპანია “M2”  საბურთალოზე ე.წ. ხრუშოვკების ჩანაცვლებას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა. მისი თქმით, ჯერჯერობით პროექტს იდეის სახე აქვს.

როგორც ირაკლი ბურდილაძე განმარტავს, კომპანიის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ამორტიზებული სახლებიდან მოსახლეობის გამოყვანაა, რომელთა შორის ე.წ. ხრუშჩოვკებიც შედის. ამჟამად კომპანია თბილისის მერიასთან ნებართვის აღებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანიის მფლობელობაში საბურთალოზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე “ხრუშჩოვკებში” მცხოვრები მოსახლეობის გადაყვანის თაობაზე.

“კონკრეტულად “ხრუშჩოვკებს” რაც შეეხება, იგეგმება მოსახლეობის მსგავსი სახლებიდან გამოყვანა, ვინაიდან ისინი არ აკმაყოფილებენ საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტებს (IBC), იქნება ეს ხანძარსაწინააღმდეგო თუ სიცოცხლის უსაფრთხოების სხვა ნორმები. თუმცა ჯერჯერობით დეტალებზე საუბარი შეუძლებელია. ახლა ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ ნებართვა ქალაქის მერიისგან, რის შემდეგაც უკვე დაიწყება შეთანხმება მოსახლეობასთან, მოსახლეობას ახალაშენებულ კორპუსში გადასვლა მისი დასრულებისთანავე შეეძლებათ“ – განმარტავს ირაკლი ბურდილაძე.

ირაკლი ბურდილაძემ დღეს “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში ე.წ. “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების გეგმა ახსენა. როგორც მან ტელეკომპანიის ეთერში განმარტა, საქმე ქავთარაძის ქუჩისა და ვაჟა ფშაველას გამზირზე არსებულ შენობებს ეხება. მისი თქმით, გადაცვლა რეგისტრირებული ფართების მიხედვით მოხდება.

ირაკლი ბურდილაძის განცხადებას თბილისის მერი, კახა კალაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, მერია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ინვესტორებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, მცხოვრებლებსა და ინვესტორს შორის ინტერესების თანხვედრა იყოს.

“ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ინვესტორებს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანხვედრა იყოს ინვესტორებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს შორის. ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ დახმარება, ხელშეწყობა, მე ამასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდაც ვისაუბრე. შეთავაზება უნდა იყოს 3 მიმართულებით: 1) პირდაპირი გამოსყიდვა ფართების; 2) სხვა კონკრეტულ რაიონში სხვა საცხოვრებელი ფართის შეთავაზება; 3) ხრუშჩოვკების ადგილზე ახალი საცხოვრებელი ბინები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, მერიასა და “m2”-ს შორის შეხვედრები მართლაც მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

“ჩვენი მხრიდან მივესალმებით ბიზნესის მხრიდან მსგავს დაინტერესებას, თუმცა, რაც შეეხება ეტაპებს, ჯერჯერობით კომპანიის შემოთავაზება ინიციატივის დონეზეა. საკითხი საჭიროებს დეტალურ შესწავლას,”- აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

ქალაქში ე.წ. “ხრუშჩოვკების” თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლება კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი დაპირება იყო. როგორც მან წინასაარჩევნო პერიოდში ფეისბუკში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში განაცხადა, საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისაგან თბილისის გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება თანამედროვე, მყარი, კომფორტული საცხოვრისით” მისი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი