ახალი ამბები

კობახიძე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე: ჩვენ გვჭირდება დამატებითი არგუმენტები

11 დეკემბერი, 2017 • 1645
კობახიძე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე: ჩვენ გვჭირდება დამატებითი არგუმენტები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნარკოტიკების  დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტზე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად პარტიას ორივე მხარისგან სჭირდება დამაჯერებელი არგუმენტები, რომლებიც ჯერ არ მოუსმენია.

მე შემიძლია დავადასტურო, რომ აზრთა სხვაობა არისქართულ ოცნებაში“, არის განსხვავებული მოსაზრებები. ჩვენ გვჭირდება დამატებითი არგუმენტები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, რაღაცის ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს მოხმარების გაზრდას, პირიქით, საპირისპირო არგუმენტები გვჭირდება. ასეთი სიღრმისეული განხილვის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.  აზრთა სხვაობა არსებობს, ორივე მხარეს არის არგუმენტები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. მეც მჭირდება არგუმენტები, ჯერ არ მომისმენია სიღრმისეული არგუმენტები არც ერთი და არც მეორე მხრიდან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში და წარადგინონ სიღრმისეული ანალიზი, რის საფუძველზეც გაუადვილებენ საპარლამენტო სპექტრს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს.

მოვუწოდებ ყველა სუბიექტს, რომელიც არის ჩართული ამ პროცესში, მათ შორის, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ შესაბამისი ანალიზი წარმოადგინონ, წარმოადგინონ სიღრმისეული ანალიზი და ამის საფუძველზე გაუადვილონ საპარლამენტო სპექტრს გადაწყვეტილების მიღება ნარკოტიკებთან დაკავშირებით. პლატფორმა იქნება საპარლამენტო, პროცესი შესაბამისი პროცედურებით წარიმართება. იქნება საკომიტეტო განხილვები, იქნება პლენარულ სხდომებზე განხილვები. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ განხილვებში და წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები,“ – განმარტა კობახიძემ.

გუშინ ვარდების მოედანზე “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა, სადაც სახელმწიფოს სამი ულტიმატუმი წაუყენა. მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის დაჩქარებულ რეჟიმში მიღებაა, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში “თეთრი ხმაურის მოძრაობა” გაემიჯნება პროცესს და “ბრძოლის ალტერნატიულ მეთოდებს” მიმართავს.

საქართველოს პარლამენტმა
ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობა ერთი თვის წინ დაიწყო, რომლის მიხედვითაც მცირე დოზით, საკუთარი მოხმარებისთვის ნარკოტიკის ქონა სისხლისსამართლებრივ დევნას აღარ დაექვემდებარება, ასევე გაჩნდება ახალი სერვისები, რომლებიც ნარკოდამოკიდებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. თუმცა 28 ნოემბრის სხდომა, რომელზეც პარლამენტს ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა უნდა დაეწყო, გაუქმდა. როგორც მაშინ მამუკა მდინარაძემ განმარტა, სხდომა იმ მიზეზით გაუქმნდა, რომ  აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი