ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოში ოსი პაციენტების შემცირების მიზნით ცხინვალმა მოსკოვთან შეთანხმება გააფორმა

11 დეკემბერი, 2017 • 3109
საქართველოში ოსი პაციენტების შემცირების მიზნით ცხინვალმა მოსკოვთან შეთანხმება გააფორმა
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ცხინვალში იმედოვნებენ, რომ იმ პაციენტთა რიცხვი, რომელიც მკურნალობის მიზნით საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში ჩამოდიოდა, საგრძნობლად შემცირდება. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სოციალური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი ალან კოზონოვი საუბრობს.
“რესპუბლიკის თითოეული მოქალაქე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს, საკუთარ თავზე იგძნობს ამ შეთანხმებების სიკეთეებს. რუსეთის წამყვანი კლინიკები ჩვენს მოქალაქეებს საჭირო სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ”.
მისივე განცხადებით,  აღნიშნულ შეთანხმებამდე მოქალაქეები რუსეთის კლინიკებში მაღალტექნოლოგიურ დახმარებას მაღალი ფასის გამო ძალიან რთულად იღებდნენ.

კოზონოვი აღნიშნული შეთანხმების კიდევ ერთი სიკეთის შესახებ საუბრობს.

“არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენი მოქალაქეები მეზობელ საქართველოს მიმართავენ სამედიცინო მიზნით. ეს სიახლე კი მნიშვნელოვნად შეაჩერებს ამ პროცესს”.

რუსეთის კლინიკებში მომსახურების მისაღებად, როგორც ალან კოზონოვი ამბობს, რუსეთის მოქალაქეობის მიღება აუცილებელი პირობაა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან მკურნალობის მიზნით თბილისში ჩამოსულ პაციენტთა რაოდენობა, აფხაზი პაციენტების მსგავსად, ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ 2017 წლის იანვრიდან- ივნისამდე სამკურნალოდ 322 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვი ჩამოვიდა. მათ მკურნალობაზე კი ამ პერიოდში საქართველოს ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე [898, 852] დაიხარჯა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რამდენიმე კვირის წინ ოსურ მედიასთან ინტერვიუში საუბრობდა იმის შესახებ, რომ ქართულ კლინიკებში ოსი პაციენტების რაოდენობა უნდა შემცირდეს.

ჯამში, 2015 წლიდან 2017 წლის 19 ივნისამდე აფხაზ და ოს პაციენტებზე საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.

მასალების გადაბეჭდვის წესი