ახალი ამბები

მედიკამენტების მარკეტინგსა და ექიმების საჩუქრებზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება

11 დეკემბერი, 2017 • 2856
მედიკამენტების მარკეტინგსა და ექიმების საჩუქრებზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება

გამკაცრდება საკანონმდებლო კონტროლი და სანქციები მედიკამენტების მარკეტინგზე, სპონსორობაზე, ექიმების საჩუქრებზე, სავალდებულო გახდება ელექტრონული რეცეპტები, რითაც ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სია გაკონტროლდება – ასეთია ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის.

ეს ხედვა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცის კომიტეტმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მოამზადა. სხვა საკითხებთან ერთად, ეს დოკუმენტი ფარმაცევტულ პოლიტიკასაც ეხება.

დოკუმენტის თანახმად, პაციენტთა უსაფრთხოების დასაცავად დასაძლევია არარაციონალური ფარმაკოთერაპიის, გენერიკული მედიკამენტების ნაკლებად გამოყენების, მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯისა და ფარმაცევტული ინდუსტრიის აგრესიული მარკეტინგის პრობლემები.

ამ პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ ღონისძიებად ელექტრონული რეცეპტის დანერგვის ხელშეწყობა, აუცილებელ მედიკამენტებზე წვდომის გაფართოება, მედიკამენტების სპონსორობასა და ექიმების საჩუქრებზე სანქციების გამკაცრება არის გაწერილი.

“გარღვევა ალბათ იქნება ის, რომ ერთი მხრივ, ჩვენ მაქსიმალურად გავზარდოთ ხელმისაწვდომობა შეღავათიან ფასებში მედიკამენტებზე, ქრონიკული ავადმყოფებისთვის, განსაკუთრებით, ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველთათვის, და მეორე მხრივ, მაქსიმალურად სინათლეზე გამოვიტანოთ ის შესაძლო მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ეხება ზედმეტი წამლების გამოწერას. ელექტრონული რეცეპტებით ძალიან ნათლად გამოჩნდება, ვინმე ექიმი რამდენ წამალს  უწერს, როგორ წამალს უწერს,”- განაცხადა დოკუმენტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ნეტგაზეთთან საუბრისას პარლამენტის ჯანდაცვვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

ზოიძემ ასევე აღნიშნა, რომ ელექტრონული რეცეპტების ქვეყნის მასშტაბით დანერგვა სახელმწიფოს მისცემს საშუალებას, მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდეს ბურუსით მოცული ბევრი საკითხი, მათ შორის, პოლიპრაგმაზიის – ბევრი წამლის გამოწერის პრობლემა:

“ბევრი წამლის გამოწერის ერთ-ერთი ფაქტორი ხშირ შემთხვევაში უკუღმართი მოტივაციებია, ფინანსური მოტივაცია, მათ შორის, იგივე ექიმებში, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან. მაქსიმალურად სინათლეზე რომ გამოვიტანოთ ეს პროცესები, დაგვეხმარება იმაში, რომ მოვაწესრიგოთ და აღვკვეთოთ წამლების არარაციონალური გამოწერის პრაქტიკა,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ელექტრონული რეცეპტების დანერგვის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ. უკვე არსებობს 2014 წელს შემუშავებული ელექტრონული რეცეპტის მოდული, სადაც გაწერილია, როგორ და რით უნდა იხელმძღვანელონ ექიმებმა ელექტონულ რეცეპტთან მუშაობისას. 2015 წელს, ასევე 2016 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ მოხდებოდა ელექტრონულ რეცეპტზე ეტაპობრივად გადასვლა, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა.

აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ამჟამად თბილისში მიმდინარეობს ელექტრონული რეცეპტების საპილოტე პროგრამა, რომელში ჩართვაც ნებაყოფლობითია. მისივე თქმით, წლის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო შეაჯამებს საპილოტე პროგრამის შედეგებს და მომდევნო ნაბიჯები დაიგეგმება.

იგი ამბობს, რომ 2018 წელს ელექტრონული რეცეპტები თბილისში სავალდებულო იქნება.

“ერთ დღეში ეს არ ხდება, ეს საკმაოდ რთული პროცესია… აქამდე იყო ნაბაყოფლობითი, ამიტომაც ერქვა პილოტირება, მომავალი წლიდან სავალდებულოდ გავხდით თბილისს მაინც, ყოველ შემთხვევაში, სამინისტრო გეგმავს, რომ თბილისი მაინც იყოს სავალდებულო. ჩვენ ამაზე ალბათ სპეციალური შეხვედრაც გვექნება და როცა დავგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ამის შესახებ გაცხადდება,”- განაცხადა ზოიძემ.

კითხვაზე, თუ როდის ამოქმედდება ელექტრონული რეცეპტების პროგრამა საქართველოს მასშტაბით სრულად, იგი ამბობს, რომ ეს 3-4 წელიწადში არის მოსალოდნელი.

“ამას სჭირდება ადამაინების გადამზადება, მათ შორის, პროცესში მონაწილე მხარეების, აფთიაქები, ექიმები, სოფლის ექიმები. პირველადი ჯანდაცვისთვის ეს უზარმაზარი შეთავათი იქნება, ეს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ნაწილიც არის. მიგვაჩნია, რომ შემდგომი 3-4 წლის განმავლობაში ამას სრულად შევძლებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით კარგად და სრულყოფილად დანერგვას, მაგრამ, თბილისში უფრო ადრე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი,”- ამბობს აკაკი ზოიძე.

რაც შეეხება მედიკამენტების რეგულირების საკითხს, იგი ამბობს, რომ ჯერ ზუსტად არ იციან, რა სახის რეგულირებას გამოიყენებენ:

“დღეს რეგულირების მექანიზმებს არ ვიყენებთ და გვინდა, რომ ვიფიქროთ გარკვეული რეგულირების მექანიზმებზე, იქნება ეს ხისტი რეგულირება, კონკრეტულად, ზღვრული ფასებით თუ მოგების მარჟით, თუ ასე შემდეგ, ეტალონური ფასებით 300-400 დასახელების მედიკამენტზე, როგორც ამას ვაცხადებდით. იქნება ეს ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობით, მათი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გარკვეული ინიციატივები, ამაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ,”- განაცხადა ზოიძემ.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში ზოიძემ აღნიშნა, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიმღებთა წრე გაფართოვდება:

“ეს ეხება, ძირითადად სოციალურად დაუცველებს, ანუ 100 000 ქულამდე ვისაც აქვს. გაფართოვდება როგორც წამლების ასორტიმენტი, რომელიც ამ ჩამონათვალშია, ასევე გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომელიც ამ შეღავათს მიიღებს. დღეს თუ სოციალურად დაუცველებს ვაძლევთ, მომავალში ვგეგმავთ, რომ გაფართოვდეს ყველა ადამიანზე,”- ამბობს აკაკი ზოიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი