ახალი ამბებიეკონომიკა

რამ განაპირობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა

11 დეკემბერი, 2017 • 2493
რამ განაპირობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა

2017 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში 594.5 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ინფორმაციით, ეს რაოდენობა წინა წლის მე-3 კვარტალში შემოსულ ინვესტიციებზე 17.6%-ით მეტია. მთლიანად, სამი კვარტლის მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში FDI-ის რაოდენობამ, ჯამში, 1 346.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

მე-3 კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო არიან. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მშენებლობა, ენერგეტიკა და საფინანსო სექტორი, ეს ის ბიზნესსექტორებია, რომლებშიც ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო 2017 წლის მე-3 კვარტალში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შეაფასა. მისი თქმით, FDI-ის ზრდა სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმებას უკავშირდება.

“წმინდა უცხოურმა ინვესტიციებმა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ზრდა გვაჩვენა. თუ ჩვენ სამი კვარტლის მონაცემებს ავიღებთ, ასეთი მაღალი FDI საქართველოს არასოდეს არ ჰქონია. ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ის საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმები, რაც გაფორმდა საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან და ჩინეთთან, უკვე იძლევა კონკრეტულ შედეგებს. მე პირადად ვიტყოდი, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო კარგი იქნება ამ მიმართულებით,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი