კალათბურთის ფედერაციას პაატა გურასპაული უხელმძღვანელებს

არჩევნების შედეგად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ხმათა 80%-ით პაატა გურასპაული აირჩიეს, მისმა კონკურენტმა შიო ხუცურაულმა კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხსნა, თუმცა ის ბიულეტენში მაინც დარჩა და ხმების 20% მიიღო.

პაატა გურასპაულმა ქართული კალათბურთის განვითარების შესახებ მისი ხედვის წარდგენისას დელეგატებს მიმართა და არჩევის შემთხვევაში პირობა დადო, რომ პირნათლად ემსახურება ქართულ კალათბურთს.

“ჩემი ცხოვრება არის კალათბურთი და ვალში ვარ კალათბურთთან. ღმერთი დღეს თუ მომცემს იმის შანსს, რომ ვალი გადავუხადო ქართულ კალათბურთს, მინდა, ეს ყველაფერი თქვენთან ერთად გავაკეთო,” – მიმართა დელეგატებს პაატა გურასპაულმა.

პაატა გურასპაულის განცხადებით, მას ერჩივნა, შიო ხეცურიანს კალათბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. როგორც ფედედერაციის მომავალი პრეზიდენტი ამბობს, ამის მიუხედავად, მზად არის ითანამშრომლოს როგორც ყოფილ კონკურენტთან, ასევე ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ქართულ კალათბურთზე გული შესტკივა.

“ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და პატივი უნდა ვცეთ მას. ჩემთვისაც უფრო კარგი იქნებოდა, ჩატარებულიყო არჩევნები, მაგრამ რას ვიზამთ… ვიცი, რომ ყველა ადამიანს, ვინც დღეს არ მოიაზრება ჩემს მხარეს, ქართული კალათბურთისთვს სიკეთე უნდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ერთად გავაკეთებთ იმ საქმეს, რასაც ქართული კალათბურთის წარმატებული ხვალინდელი დღე ჰქვია – იმ სპორტის სახეობისა, რომელიც საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც არის ცნობილი,” – განაცხადა პაატა გურასპაულმა.

მისი განცხადებით, ქართულ კალათბურთში არსებული პრობლემების დაძლევა სწორედ კონსოლიდაციით მოხდება, რისი იმედიც აქვს:

“ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ წარმატებას, რასაც იმსახურებს ქართული კალათბურთი.”

შიო ხეცურიანის თქმით, მისი კანდიდატურა იმ უსამართლობის გამო მოხსნა, რომელიც დღეს მოდის კალათბურთის ფედერაციიდან. როგორც მან საგანგებო პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დღესაც კი არ იციან დელეგატების ვინაობები. ხეცურიანის განცხადებით, მან ვერ დაამარცხა უსამართლობა და დღეს აზრი არ ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო მისმა თანამებრძოლებმა იციან ამ გადაწყვეტილების შესახებ.

პაატა გურასპაული

პაატა გურასპაული კი არ თვლის, რომ ეს არის უსამართლობა. მისი თქმით, დელეგატების პატიოსნებაში და კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება:

“მათ გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა. შეიძლება მეც ვხედავდი რაღაცას, რაც შეიძლება უკეთესად ყოფილიყო, მაგრამ ეს არ არის რომელიმე კანდიდატის მიმართ [ხელსაყრელი ან პირიქით] სიტუაციის შექმნა. ვფიქრობ, უნდა მივიღოთ ეს მოცემულობა და სწორედ ამის მზადყოფნა გამოვთქვი ყელა ინტერვიუში – წაგების შემთხვევაშც დავრჩებოდი ქართულ კალათბურთის სამსახურში რიგით ჯარისკაცად.”

როგორც გურასპაული აცხადებს, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ქართულ კალათბურთში საქმის გაკეთება უნდოდა და მასთან არ ეთანამშრომლა.

ცნობილია, რომ შიო ხეცურიანს ეროვნული ნაკრების ყოფილი და მოქმედი კალათბურთელები უჭერდნენ მხარს, მათ შორის: ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია და სხვები. პაატა გურასპაულს კი კალათბურთის ფედერაციის ამჟამინდელი შემადგენლობა უჭერს მხარს.

მიუხედავად ფორმალური ხასიათისა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაძლიერებული დაცვის ქვეშ მიმდონარეობს. ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობას 34 დელეგატიდან არ ესწრება 7 დელეგატი, რომლებიც, სავარაუდოდ, შიო ხეცურიანს უჭერენ მხარს.

ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის, პაატა გაბრიჩიძის თქმით, იმის გამო, რომ შიო ხეცურიანმა ოფიციალურად არ მიმართა კალათბურთის ფედერაციის გამგეობას კანდიდატურის მოხსნის შესახებ, დღეს დელეგატები ორ კანდიდატს შორის გააკეთებენ მაინც არჩვანს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.