ახალი ამბები

სააკაშვილი სასამართლოში მიიყვანეს, შენობასთან მხარდამჭერები იკრიბებიან

11 დეკემბერი, 2017 • 1894
სააკაშვილი სასამართლოში მიიყვანეს, შენობასთან მხარდამჭერები იკრიბებიან

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პეჩორის სასამართლოს მოსამართლემ უნდა შეუფარდოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ან შინაპატიმრობა.

სააკაშვილი უკვე სასამართლოშია მიყვანილი, ხოლო შენობასთან მისი მხარდამჭერები იკრიბებიან. სხდომა კიევის დროით 11:00 საათისთვის უნდა დაიწყოს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თავდაპირველად 5 დეკემბერს დააკავეს. დასაკავებლად მის საცხოვრებელ სახლში სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა, თუმცა სააკაშვილმა სახლის სახურავზე ასვლა მოახერხა, ხოლო მოგვიანებით დაპატიმრებული სააკაშვილის მანქანით გაყვანა საცხოვრებელი სახლის ეზოდან სპეცდანიშნულების რაზმმა ვერ შეძლო, ვინაიდან ამის საშუალება მათ სააკაშვილის მხარდამჭერებმა არ მისცეს.

ამის შემდეგ უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ დროს რადასთან ახლოს მოწყობილ კარვების ქალაქში იმყოფებოდა და მხარდამჭერებს მიტინგზე სიტყვით მიმართავდა.

მოგვიანებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურესდა და იძულებული გახდა, კარვების ქალაქი 8 დეკემბრიდან დაეტოვებინა. 8 დეკემბერს, ღამით ის უკრაინელმა სამართალდმცავებმა იმ სახლში დააკავეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავს აფარებდა.

10 დეკემბერს კიევში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური პარტიის  – “ახალი ძალების მოძრაობის” ორგანიზებით. აქციის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი მოითხოვეს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტია (2004-2013). მან პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყანა დატოვა და 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რის შემდეგაც ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. საქართველოში მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის არაერთი მუხლის მიხედვით იდევნება, მათ შორის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების საქმეებზე.

2016 წლის ნოემბერში ის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა და ოპოზიციური პარტია შექმნა. 2017 წლის ივლისში სააკაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, მაშინ, როცა ის უცხოეთში იმყოფებოდა. ამის შემდეგ სააკაშვილი გახდა აპატრიდი (მოქალაქეობის არმქონე პირი). 2017 წლის სექტემბერში მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილი მისმა მხარდამჭერებმა შეიყვანეს უკრაინაში. მას შემდეგ ის კიევში იმყოფება და მართავს საპროტესტო აქციებს პოროშენკოს წინააღმდეგ.

უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ბრალს სდებს ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მხრიდან დაფინანსების მიღებაში მიტინგებისთვის, რომლის მიზანია უკრაინაში ხელისუფლების დამხობა. კერძოდ, სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს უკრაინის სსკ 256-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერა) რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი