ახალი ამბებისაზოგადოება

“არ დავთმოთ ღამე” – მსვლელობა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ

10 დეკემბერი, 2017 • 3086
“არ დავთმოთ ღამე” – მსვლელობა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ

“ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა” დღეს აქცია/მსვლელობა “არ დავთმოთ ღამე” გამართა, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელებში სექსუალური შევიწროების აღმოფხვრას ეძღვნება. მსვლელობა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო და “მზიურის” პარკში დასრულდა, სადაც აქციის მონაწილეები “ახალი მზიურის კაფეში” ფილმის ჩვენებას დაესწრნენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობნენ, ბოლო დროს ხელისუფლება დაინტერესდა მიწიქვეშა გადასასვლელებით, ხოლო ზოგიერთ მათგანს რეაბილიტაციაც ჩაუტარდა, თუმცა სახელმწიფოს პოლიტიკა მიწისქვეშა გადასასვლელის მიმართ გენდერულად არასენსიტიურად რჩება. “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” თქმით,  პრობლემის განხილვა არ ხდება ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში. გარდა ამისა, უმეტესობა გადასასვლელები სათანადოდ განათებული და ვიდეოკამერით აღჭურვილი არ არის, რის გამოც, ქალები მათი სარგებლობისგან თავს იკავებენ. ამასთანავე, პრობლემას წარმოადგენს საზოგადოების ზოგადი ცოდნა საკითხის მიმართ. სწორედ ამიტომ, ჯგუფმა მსვლელობის დროს გამვლელ მოსახლეობას სპეციალური ბროშურები დაურიგა, რომლებზეც განმარტებული იყო სექსუალური შევიწროვების სხვადასხვა სახეები.

“ნეტგაზეთთან” საუბარში  აქციის ორგანიზატორი და “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის “ წევრი ეკა იმერლიშვილი განმარტავს, რომ  მსგავს მსვლელობებს საფუძველი ჯერ კიდევ წინა საუკუნის 70-იან წლებში ჩაეყარა, ხოლო დღევანდელი აქცია ემსახურება არა მხოლოდ არსებული სისტემის გაპროტესტებას, არამედ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებასაც.

“არ დავთმოთ ღამე” სადღაც 1970 წლებიდან აღინიშნება მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში. თავდაპირველად  აშშ-სა  და კანადაში დაიწყო. ჩვენ შარშანაც გვქონდა მსგავსი აქციები, სადაც სექსუალურ შევიწროებას ვაპროტესტებდით , თუმცა წლევანდელი კონკრეტულად მიწისქვეშა გადასასვლელებში სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მივუძღვენით. ძალიან ბევრი ქალი და გოგო არ ჩადის მიწისქვეშა გადასასვლელებში იმის გამო, რომ იციან, რომ გადასასვლელები ძალიან საშიშია, ჩაბნელებულია, ბინძურია და ა.შ.  ვფიქრობთ, რომ აუციელებელია, მიწისქვეშა გადასასვლელებში განათებისა და კამერების საკითხი განიხილებოდეს ქალთა სექსუალური შევიწროების პოლიტიკის ჭრილში და არ ჰქონდეს მხოლოდ სანიტარული დატვირთვა “ – განაცხადა  ეკა იმერლიშვილმა.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” კიდევ ერთი წევრი, ია ბახტაძეც. მისი თქმით, სახელმწიფოს მოსახლეობა სწორედ იმიტომ უხდის ფულს, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს.

“ბევრი ქალი  ერიდება ღამე გადაადგილებას იმიტომ, რომ ფეხით გადაადგილება, განსაკუთრებით ღამით,  არის საფრთხის შემცველი. გარდა სიტყვიერი შევიწროებისა ხშირია ფიზიკურად ძალადობაც , რომლებსაც ქალები განიცდიან.  და უნდა ითქვას, რომ ხშირად ეს ასაკზეც არ არის დამოკიდებული. ჩვენ რაკიღა ვუხდით სახელმწიფოს, ის ვალდებულია, დაიცვას ჩვენი სიცოცხლის სტანდარტი, ჩვენი უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს ძალის გადამეტება, თუმცა კონტროლი აუცილებელია “ – აღნიშნავს ია ბახტაძე.

აქციას გამოეხმაურა უფლებადამცველი ბაია პატარაიაც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პარლამენტს პრობლემის აღმოსაფხვრელად, უკვე აქვს შემუშავებული გარკვეული კანონპროექტი.

“ღამის საათებში, ქალები პრაქტიკულად ვერ გამოდიან სახლიდან მარტონი, ცდილობენ, რომ ჯგუფურად იარონ, განსაკუთრებით პრობლემურია მიწისქვეშა გადასასვლელებში მათი მოძრაობა და სწორედ ამას ეძღვნება ეს აქცია. შიშის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა უწევთ ქალებს, იძულებულნი არიან, რომ  მაგალითისთვის, ტაქსი ან სხვა საშუალება გამოიყენონ, რომ აირიდონ ფეხით სიარული.  ჩვენ პარლამენტი შეგვპირდა, რომ კანონის ინიცირებას მოახდენდა უახლოეს მომავალში და ვიცით, რომ რაღაც კონონპროექტი მათ უკვე შეიმუშავეს, ჩვენ მათ  იდეა შევთავაზეთ და ახლა იმედი გვაქვს, რომ კანონის ინიცირებაც მალე მოხდება “ – განაცხადა ბაია პატარაიამ.

მსვლელობამ ცირკიდან “მზიურის პარკამდე” თითქმის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი მოიცვა. სკანდირებებითა და ბანერებით აქციის მონაწილეები კაფე “ახალ მზიურში” ჩავიდნენ, სადაც დოკუმენტური ფილმის, “ნადირობის ველის” ჩვენებას დაესწრნენ, რომელიც აშშ-ის კოლეჯებში ქალთა მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებს ეხება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი