სახალხო დამცველის განცხადება 10 დეკემბერთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაგაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ღონისძიება გამართეს. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 10 დეკემბერს აღინიშნება.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დოროტა დლოუხი-სულიგამ და  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვმა ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ისაუბრეს. სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მოსახლეობას განუმარტეს სახალხო დამცველის ინსტიტუციის როლი და ფუნქციები, დაურიგეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები, ფლაერები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები.

საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა საქართველოს მოსახლეობას.

„1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, რომელიც ადამიანის უფლებების შესახებ პირველ უნივერსალურ დოკუმენტს წარმოადგენს და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს უდევს საფუძვლად. მიუხედავად მისი დეკლარაციული ხასიათისა, ათწლეულების განმავლობაში საყოველთაო დეკლარაცია ჩვეულებითი სამართლის ნორმად ჩამოყალიბდა და მრავალი ქვეყნის კონსტიტუციაში ჰპოვა ასახვა.

1958 წელს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 10 წლისთავზე, თავის ცნობილ მოხსენებაში ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ ელეონორ რუზველტმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები იწყება ყოველი ადამიანის სახლის სიახლოვეს, იმ გარემოში, სადაც ის ცხოვრობს, იმ სკოლაში და კოლეჯში, სადაც სწავლობს, იმ ქარხანაში, ფერმაში თუ ოფისში, სადაც მუშაობს. ეს არის ადგილები, სადაც თითოეული ქალი, მამაკაცი თუ ბავშვი ისწრაფვის თანასწორობისკენ, თანაბარი შესაძლებლობებისკენ, დისკრიმინაციის გარეშე მოპყრობისკენ. 10 დეკემბერი არის დღე, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და აღჭურვილია თანაბარი უფლებებით, რომელთა პატივისცემას უნდა დაეფუძნოს სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების ყველა მიმართულება.

დღეს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 70 წლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ასევე აშკარაა ის კომპლექსური გამოწვევები, რომელთაც მსოფლიოს მასშტაბით ვხვდებით. დემოკრატიული სივრცის შევიწროება, უთანასწორობა და დისკრიმინაცია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომელთა აღმოფხვრაც ადამიანის უფლებადამცველთა დღის წესრიგშია.

არაერთი გამოწვევის ფონზე, ნათლად იკვეთება ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, სახალხო დამცველის არსებობის საჭიროება. გაეროს პარიზის პრინციპებთან შესაბამისობაში მყოფი ეროვნული ინსტიტუტები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხში და მათი რეკომენდაციები და მიგნებები საზოგადოების ინტერესების ლობირებას ემსახურება.

საქართველოს სახალხო დამცველი უკანასკნელი 20 წლის მანძილზე იდგა ადამიანის უფლებათა დაცვის სადარაჯოზე და მომავალშიც იქნება იქ, სადაც ირღვევა და იზღუდება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. სახალხო დამცველის ინსტიტუტი არ დაიშურებს ძალისხმევას იმისთვის, რათა თითოეულმა ადამიანმა თავის თავზე შეიგრძნოს უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com