საია

საია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციას აფასებს

საია ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება და ავრცელებს განცხადებას, რომელიც 2017 წელს, საიას საქმიანობის შედეგად, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გამოიკვეთა:

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა

  • 2017 წლის მაისში საქართველომ განახორციელა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირება და შესაბამისი ცვლილებები შეიტანა ეროვნულ კანონმდებლობაში. ცვლილებებმა კანონმდებლობა გენდერულად უფრო სენსიტიური გახადა. გაძლიერდა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისკენ მიმართული ღონისძიებები და პრევენციული მექანიზმები;
  • თუმცა, ამ ეტაპზე არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც სტამბოლის კონვენცია ითვალისწინებს, ეროვნულ კანონმდებლობაში არ განხორციელებულა. კერძოდ: კვლავ არ ისჯება სექსუალური შევიწროება; სისხლის სამართლის კოდექსი ცალკე არ გამოყოფს ოჯახის გარეთ ჩადენილ ფსიქოლოგიურ ძალადობას; კანონმდებლობით არ განისაზღვრება ფემიციდი – გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა – არც ცალკე მუხლის და არც განზრახ მკვლელობის დამამძიმებელი გარემოების სახით და სხვა;
  • ქვეყანაში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმების აღმოფხვრა. ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე პრობლემურია სათანადო სიმძიმის აღკვეთის ღონისძიებისა და სასჯელის გამოყენება. რიგ შემთხვევებში, ნაკლებად მკაცრი ღონისძიების/სანქციის შეფარდება, რომელიც არ ახდენს მოძალადის საზოგადოებისაგან იზოლაციას, ძალადობის მსხვერპლს დაუცველს ტოვებს და კვლავ პოტენციურ საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა თუ ჯანმრთელობას;
  • პრობლემურია გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელება. მიუხედავად გენდერული დისკრიმინაციის მოტივის მიმანიშნებელი გარემოებებისა, ზოგჯერ არ ხდება მისი სათანადო გამოკვლევა, შეფასება და დამნაშავისათვის რეალური პასუხისმგებლობის განსაზღვრა (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს).

სავარაუდო წამების/არასათანადო მოპყრობის ფაქტები

  • 2017 წელს კვლავ პრობლემა იყო წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტური გამოძიება და დამნაშავეთა დაუსჯელობა. არ არსებობს წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირების ეფექტური და ინსტიტუციურად დამოუკიდებელი მექანიზმი;
  • სასამართლო პროცესებზე გამოვლენილ წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტურ რეაგირებას ართულებს მოსამართლის არასაკმარისი როლი, ვინაიდან მას არ აქვს საკანონმდებლო ბერკეტები, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ასეთ შემთხვევებზე;
  • საიამ სასამართლო მონიტორინგის შედეგად გამოავლინა სავარაუდო წამების/არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რაზეც საუბრობდნენ ბრალდებულები თუ მოწმეები. სასამართლო პროცესზე დაკვირვებით ისიც გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში, სასამართლოში გაცხადებულ ამგვარ შემთხვევებს პროკურატურის მხრიდან არ მოჰყოლია ადეკვატური და დროული რეაგირება და მიუხედავად ბრალდებულის არაერთი განმარტებისა მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო წამების თაობაზე, გამოძიება არ დაწყებულა.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები

  • კვლავ პრობლემაა დაკავების კანონიერებაზე ჯეროვანი სასამართლო კონტროლის არარსებობა, რაც უმეტესად, საკანონმდებლო ბუნდოვანებით არის გამოწვეული. პრობლემურია ჩხრეკისა და ამოღების საგამონაკლისო წესით ჩატარების სიხშირე, რაც გულისხმობს იმას, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩხრეკა და ამოღება უმეტესად ტარდება ძირითადი წესის სრული უგულებელყოფით, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით.

პატიმართა უფლებები

  • არაერთი პატიმარი საიას კვლავაც ატყობინებს 2012 წლამდე მის მიმართ ჩადენილი სავარაუდო უფლებადარღვევის შესახებ და დახმარებას ითხოვს. პატიმართა წერილები ეხება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: სავარაუდოდ უკანონო მსჯავრდება, დაუსაბუთებელი განაჩენი, არაპროპორციული სასჯელი და ა.შ. წერილები და მათი რაოდენობა აჩვენებს, რომ აუცილებელია, ამგვარ საქმეებზე სახელმწიფომ შექმნას მათი შესწავლისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ეფექტური მექანიზმი. პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა, როგორც პრაქტიკა და სტატისტიკა ადასტურებს, ვერ პასუხობს აღნიშნულ საჭიროებებს;
  • 2017 წელს საიას ოფისებში პენიტენციარული დაწესებულებიდან 800-ზე მეტი განცხადება/წერილი შემოვიდა, რაც სხვადასხვა თემატიკას უკავშირდებოდა. მათ შორის შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს. წერილებში არაერთი პატიმარი მიუთითებდა გაუსაძლის ტკივილებსა და გაუარესებულ ჯანმრთელობაზე, მკურნალობის არასათანადოდ ჩატარების გამო.

დისკრიმინაცია და თანასწორობის საკითხები

  • 2017 წელს თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება.  საქართველოს პარლამენტი უკვე არაერთი წელია აჭიანურებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში საჭირო ცვლილებების შეტანის პროცესს, რომელიც ითვალისწინებს სახალხო დამცველის მიერ დისკრიმინაციის დადგენის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ეფექტური მექანიზმის შექმნას, ასევე გარკვეული ბარიერების მოხსნას, რაც ართულებს სამართალწარმოებას დისკრიმინაციის საქმეებზე. წელს ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა და სირთულეები და მნიშვნელოვანი ხარვეზები რჩება მოქმედი კანონის იმპლემენტაციისა და პრაქტიკაში გატარების თვალსაზრისითაც;
  • გასული წლებისგან განსხვავებით, 2017 წლის 17 მაისს ლგბტი თემმა შეძლო, აღენიშნა ჰომობოფიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების მიერ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით. ეს მიუთითებს, რომ ლგბტი თემის წარმომადგენელთა მიუღებლობა საზოგადოების მიერ კვლავ სერიოზული პრობლემაა;
  • ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოვლენა და მასზე სახელმწიფოს ეფექტური რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები დაკვალიფიცირდეს მათი სიმძიმის შესაბამისად და გამოიკვეთოს დანაშაულის ჩამდენის დისკრიმინაციული მოტივი.

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

  • შშმ პირები, განსაკუთრებით ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირები, აწყდებიან სტიგმატურ და დისკრიმინაციის წამახალისებელ დამოკიდებულებას სასამართლო პროცესების დროს;
  • საქართველოში დღესდღეობით არ არსებობენ მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები და ადვოკატები, რომლებიც სპეციალიზდებიან შშმ პირთა საკითხებში. აღნიშნული, რიგ სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერებს შშმ პირებისთვის;
  • მოსამართლეთა, პროკურორთა და ადვოკატთა მხრიდან, რიგ შემთხვევებში, ადგილი აქვს არაეთიკურ ქცევას, სტიგმის შემცველ დამოკიდებულებას, რაც პირის მახასიათებლებს უსვამს ხაზს და ქმნის მისთვის დამამცირებელ გარემოს;
  • სახელმწიფო არ აწარმოებს სეგრეგირებულ სტატისტიკას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე. სამართალდამცავ ორგანოებს არ აქვთ ეფექტური რეაგირების მექანიზმები და ხელმძღვანელობენ შშმ პირებზე არსებული მითებითა და სტერეოტიპებით;
  • მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ორმაგად უფრო მოწყვლადები არიან შშმ ქალები, განსაკუთრებით – გენდერული ნიშნით ჩადენილი და სხვა დანაშაულების მიმართ. მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერებს ქმნის ინტერსექციური დისკრიმინაცია სქესისა და შეზღუდული შესაძლებლობის გამო, ასევე, მძიმე სოციალური მდგომარეობა და ინფორმაციასა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, რაც არაპროპორციულად ეხება შშმ ქალებს;
  • სისხლის სამართლის არსებული პოლიტიკა და სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტები არ არის მორგებული შშმ ქალთა საჭიროებებზე. რეფერირების დოკუმენტებში არ არის გაწერილი შშმ ქალთა რეფერირების პროცედურა, არ არის გაანალიზებული „ფიზიკური საფრთხისა და კომუნიკაციის ბარიერები”.

ინკლუზიური საარჩევნო გარემო

  • მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა საარჩევნო პროცესებში ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ეთნიკური უმცირესობების მონაწილება, რაც ხელს უშლის ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნას. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც ნაკლებად ხდებოდა ქალთა ნომინირება წამყვან პოზიციებზე. მათი პოლიტიკაში მონაწილეობა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს;
  • კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებისას ახალ რედაქციაში აისახა არსებითი თანსწორობის პრინციპი და განისაზღვრა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. თუმცა ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსში გაჩნდეს სავალდებულო მექანიზმი წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის.
  • ერთგვარ გამოწვევად დარჩა აგრეთვე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკური/საარჩევნო უფლებების რეალიზება.

სასამართლო სისტემის ფრაგმენტული რეფორმა

  • 2017 წელს სასამართლო სისტემაში გატარებული საკანონმდებლო რეფორმა ფრაგმენტულ ხასიათს ატარებდა, რაც ვერ პასუხობს სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ სერიოზულ გამოწვევებს. რეფორმამ ვერ უზრუნველყო დამსახურების პრინციპის დაცვა და გამჭვირვალობა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესში, რაც განსაკუთრებით პრობლემურია 2017 წელს დაწყებული, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების ფონზე;
  • კვლავ გამოწვევას წარმოადგენს სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფების არსებობა, რასაც დიდწილად ხელს უწყობს კანონით იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მინიჭებული არასათანადოდ ფართო დისკრეციული უფლებამოსილებები, პარლამენტის მიერ საბჭოს წევრების დანიშვნის პოლიტიზირებული პროცესი, ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვის სუსტი საკანონმდებლო გარანტიები;
  • სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემაზე მიუთითებს არაერთ გახმაურებულ საქმეზე გამოვლენილი მნიშვნელოვანი პროცესუალური ხარვეზები.  სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის ინდიკატორია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დავალებით ჩატარებული უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. კვლევის თანახმად, სასამართლოსადმი საქართველოს მოსახლეობის ნდობა 2012 წლის შემდეგ შემცირდა ან არ გაუმჯობესებულა;

უკანონო მოსმენები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 

  • 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სატელეფონო მოსმენები, ინტერნეტმონიტორინგი, მეტადატის ჩაწერა და შენახვა პროფესიულად დაინტერესებული ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მე-16 მუხლს (პიროვნული განვითარების უფლება) და კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს (პირადი ცხოვრების უფლება);
  • თუმცა, 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა სუს-ის მიერ მომზადებული პროექტი, რომლის მიხედვითაც, სუს-ის სისტემაში იქმნებოდა სსიპ – ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი. ამ უკანასკნელს ენიჭებოდა სატელეფონო საუბრებსა და ინტერნეტკომუნიკაციებზე ფარული მიყურადებისა და მეტადატის ერთი წლით შენახვის უფლებამოსილება;
  • მიყურადების თაობაზე ახალი კანონმდებლობის პრობლემა იმაში მდგომარეობს,რომ ახლად შექმნილი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო რჩება საგამოძიებო ორგანოს – სუს-ის ეფექტური კონტროლის ქვეშ, რითაც არ სრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება. სააგენტო არის სუს-ის სსიპ. სუს-ის ხელმძღვანელი შეარჩევს სამ კანდიდატს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალურ კომისიას;
  • ამასთან, სუს-ის უფროსი განსაზღვრავს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ძირითად სტრუქტურას, სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებას. სუს-ის უფროსს შეუძლია, კანონიერების, მიზანშეწონილობის საფუძველზე გააუქმოს, შეაჩეროს, ცვლილება შეიტანოს სააგენტოს მიერ მიღებულ ინდივიდუალურ აქტებში. ამგვარად, იგი არა მხოლოდ საკადრო თვალსაზრისით აკონტროლებს სააგენტოს, არამედ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სააგენტოს საქმიანობაზე მთლიანად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსმენის გასაღები არ უნდა ჰქონდეს საგამოძიებო და მოსმენით პროფესიულად დაინტერესებულ ორგანოს, არ სრულდება.

მედიაგარემო და ჟურნალისტთა უფლებები

  • 2016 წლის ბოლოს რამდენიმე მსხვილი მედიასაშუალების გაერთიანების პროცესი, რომელიც შეფასდა, როგორც ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მედიაპროდუქტის შესაქმნელად რესურსების და ძალაუფლების კონსოლიდაცია, არსებითად გაგრძელდა 2017 წელს. კერძოდ, 2017 წლის დასაწყისში საეჭვო ვითარებაში იქნა არჩეული საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი. დაიხურა ცნობილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემები. პარალელურად მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს და არსებითად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას;
  • მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომელიც ეთერში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შემდეგ დარჩა.

საკონსტიტუციო რეფორმა

  • კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი არსებითი ხარვეზებით წარიმართა. შედეგად, ერთი მხრივ, ქვეყნის უზენაეს კანონზე საერთო კონსენსუსის მიღება გახადა შეუძლებელი, ხოლო მეორე მხრივ, თავად კონსტიტუციური კანონის პროექტის ტექსტი არაერთი აქტორის, მათ შორის ვენეციის კომისიის, კრიტიკის საგნად აქცია;
  • მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, კონსტიტუციის გადასინჯვის შედეგად არაერთი  რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული. კერძოდ: ქვეყნის საგარეო მიმართულებად ევრო-ატლანტიკური კურსის განსაზღვრა; დისკრიმინაციის აკრძალული საფუძვლების არაამომწურავად განსაზღვრა შესაბამის მუხლში; ფორმალური თანასწორობიდან არსებითი თანასწორობის მოდელზე გადასვლა; პროკურატურის განსაზღვრა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ უწყებად; მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების გაწერა კონსტიტუციაში; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმთავრეს დანიშნულებად სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის განსაზღვრა; 2024 წლიდან შერეული საარჩევნო სისტემის გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა;
  • თუმცა, კონსტიტუციის საბოლოო ტექსტში გათვალისწინებული არ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: შრომის უფლებების ეფექტური დაცვის მექანიზმის შექმნა; დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა; კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის არჩაწერა; ეკონომიკური და სოციალური უფლებების განხორციელების გარანტიების დადგენა; მოსამართლეთათვის სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გაუქმება; პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნება და სხვა.

ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის გაჭიანურებული  რეფორმა

  • 2017 წელს, ინფორმაციის თავისუფლების ახალი აქტის მიღების მიზნით, ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა სათანადო ნაბიჯები. მიუხედავ იმისა, რომ არაერთი წელია უკვე, რაც შემუშავებულია ინფორმაციის თავისუფლების ახალი აქტის პროექტი, რომელიც ყველა თვალსაზრისით მაღალ დონეზეა მომზადებული. გაურკვეველი მიზეზებით ჭიანურდება კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენა, რომლის დროულად მიღება და ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ქვეყანაში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმა

  • დღეისათვის საქართველო ისევ ინარჩუნებს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს. მოქმედი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი ცალკეული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ითვალისწინებს მძიმე სახდელებს, მათ შორის ადმინისტრაციულ პატიმრობას, თუმცა აწესებს გაცილებით ნაკლებ პროცედურულ გარანტიებს, ვიდრე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს აქვს;
  • მიუხედავად მცდელობებისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით მომხდარიყო მისი დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან, ეს შედეგი ვერ იქნა მიღწეული, რადგან არსებული კოდექსის ფრაგმენტული რეფორმები ვერ უზრუნველყოფს მის გარდაქმნას იმგვარად, რომ სრულად აღმოიფხვრას კანონმდებლობაში არსებული პრობლემები და მისი არაკონსტიტუციური გამოყენება.

საჯარო სამსახურის რეფორმა

  • საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო, ორჯერ გადავადდა საქართველოს მთავრობის მიერ კანონქვემდებარე აქტების დროულად მიუღებლობისა და შესაბამისი კანონპროექტების („საჯარო სამსახურში ანაზღაურების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“) საქართველოს პარლამენტში წარუდგენლობის გამო, რაც განაპირობა შესაბამისი პოლიტიკური ნების არარსებობამ და მნიშვნელოვნად შეაფერხა პროფესიული და კარიერაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების პროცესის დაწყება;
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივით საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირების საფუძველზე, საჯარო დაწესებულებებმა ჩაატარეს რეორგანიზაცია, რამაც ხშირ შემთხვევაში გამოიწვია შტატების შემცირება. საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ა) მინისტრების მიერ რეორგანიზაციის თაობაზე გამოცემული ბრძანებები იყო სტანდარტული და ფორმალური ხასიათის. ბ) საჯარო დაწესებულებებს არ ჰქონდათ ნათლად გაწერილი კრიტერიუმები რეორგანიზაციის პროფესში გასათავისუფლებელ საჯარო მოხელეთა შესარჩევად. სამინისტროების უმეტესობას არ წარმოუდგენია დასაბუთება, თუ რა გარემოებების გათვალისწინებით შეირჩა და გათავისუფლდა კონკრეტული საჯარო მოხელე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com