ახალი ამბები

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს

10 დეკემბერი, 2017 • 3037
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს

წინასწარი მონაცემებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შესაძლოა ხმების 50% ვერ მიიღოს და მეორე ტური გახდეს საჭირო.

ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის ვინაობა 22:15 საათზე უნდა გარკვეულიყო. ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კომისიამ ის ყუთი დაითვალა, სადაც ასოციაციის თავმჯდომარის ბიულეტენებს ყრიდნენ.

წესის მიხედვით, გამარჯვებულმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. არჩვენებში 2324 ადვოკატი დარეგისტრირდა.

ბიულეტენების დათვლის შედეგად დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო, ხოლო ლევან ასათიანმა – 633. შესაბამისად, დავით ასათიანს გამარჯვებისთვის საკმარისი ხმები, წინასწარი მონაცემებით, არ აქვს.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად ირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიის წევრებს. აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატურების ბიულეტენების ჩასაყრელად 3 სხვადასხვა ყუთია გამოყოფილი. ეს ყუთები კი ჯერ არ დაუთვლიათ.

ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ შეცდომის გამო, შესაძლოა ამ ყუთებში აღმოჩნდეს ის ბიულტენები, რომელზეც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატურებისთვისაა განკუთვნილი. თუ აღმოჩნდა, რომ იქ რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ჩაგდებული ბიულეტენი აღმოჩნდა, მაშინ ეს საბოლოო შედეგზე გავლენას მოახდენს.

საარჩევნო კომისია ამ წუთებშიც [01:52] საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის. კომისიის თავმჯდომარის ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, საბოლოო შედეგი დილით გახდება ცნობილი.

ინცინდენტი მოხდა ხმის მიცემის დროს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ბიულეტენების ჩაყრის მცდელობის გამო, ორ დამკვირვებელს ხმის დამთვლელი კომისია დაატოვებინეს.

დავით ასათიანი მოქმედი თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის რჩეულია. ხატიაშვილი მას ღიად უჭერს მხარს. რის გამოც თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატები ხატიაშვილს წინასაარჩევნო პერიოდშიც აკრიტიკებდნენ.

ვრცლად: არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში: კანდიდატების ბრალდებები კორუფციასა და კლანურობაზე

ზაზა ხატიაშვილმა დავით ასათიანი გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა.

“მიუხედავად იმისა,რომ დავით ასათიანმა გაიმარჯვა საგრძნობი უპირატესობით, მე ვფიქრობ, რომ ეს შედეგები, თუ დარჩება მეორე ტური, უნდა ჩატარდეს და უნდა ჩატარდეს ორი კვირის განმავლობაში დღეიდან. ეს არის კანონის და წესდების მოთხოვნა. ზოგიერთი კოლეგა ფიქრობს, რომ დავით ასათიანმა პირველივე ტურში გაიმარჯვა, მაგრამ პროფესიის ერთიანობიდან გამომდინარე თვითონ ასათიანიც ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ მეორე ტური ჩატარდება,“ – ამბობს ხატიაშვილი.

არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობს. ესენია:

  • დავით ასათიანი
  • ლევან ჯანაშია
  • დავით ლანჩავა,
  • იასონ ბესელია
  • გრიგოლ გაგნიძე
  • დავით ებრალიძე
  • ალექსი კობაიძე
  • ონისე მარგიანი
  • ვასილ ოსეფაშვილი
  • ელგუჯა ჩხაიძე
  • ირმა ჭკადუა
  • ვაჟა ჯაოშვილი

ასოციაციის ინფორმაციით, ადვოკატთა ასოციაციაში სულ 4970 ადვოკატია რეგისტრირებული. კენჭისყრაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 2324 ადვოკატმა გაიარა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი