ახალი ამბები

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების გაყალბების მცდელობის ბრალდებით ორ ადამიანს კომისია დაატოვებინეს

9 დეკემბერი, 2017 • 5811
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების გაყალბების მცდელობის ბრალდებით ორ ადამიანს კომისია დაატოვებინეს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ბიულეტენების ჩაყრის მცდელობის გამო, ორ დამკვირვებელს ხმის დამთვლელი კომისია დაატოვებინეს.

ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე ივანე პეტრიაშვილმა განაცხადა.

პეტრიაშვილის თქმით, ორ ადვოკატს რამდენიმე კოლეგამ დასდო ბრალი, რომ ისინი ცდილობდნენ ბიულეტენების ჩაყრას ყუთში და მათ ვერ მოასწრეს ჩაყრა, ეს ბიულეტენები ჩამოართვეს მათ და დალუქეს.

პეტრიაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ არჩევნების ლეგიტიმურობას არ მიყენებოდა ჩრდილი, ამ ადამიანებს დაატოვებინეს ხმის დამთვლელი კომისია.

“როგორც ითქვა, ერთ-ერთი მათგანი იყო იასონ ბესელიას, ხოლო მეორე ვაჟა ჯაოშვილის წარმომადგენლები”, – განაცხადა ივანე პეტრიაშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ ცდილობდნენ ისინი ბიულეტენების ჩაყრას, სადაც შემოხაზული იყო დავით ასათიანის კანდიდატურა, პეტრიაშვილი პასუხობს:

“ადამიანი, რომელიც ცდილობდა გაყალბებას, რატომ ცდილობდა ვინმეს სასარგებლოდ და არ ცდილობდა ვინმე სხვის სასარგებლოდ, ამაზე იმ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ, რატომ აკეთებდნენ, თუ აკეთებდნენ”.

კომისიამ ხმის დათვლის პროცესი დაიწყო.

ინცინდენტი მოხდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე, რამაც პროცესი შეაფერხა.

ირმა ჭკადუამ, ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა “ნეტგაზეთს” აჩვენა ბიულეტენები, სადაც შემოხაზულია დავით ასათიანის კანდიდატურა. ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ეს ბიულეტენები მას კომისიის წევრებმა მისცეს და ასათიანის წარმომადგენლებს ამოუღეს.

„ადვოკატები, როდესაც სხვის ინტერესებს წარმოვადგენთ და ვართ მაღალი რეპუტაციის ადამიანები, ჩვენს კრებაზე ის, რაც დღეს მოხდა. ფაქტია, რომ კომისიის წევრებს ამოუღეს ბიულეტენი, რომელზეც კონკრეტული ადამიანია შემოხაზული. ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ ეს. რაც არ უნდა თქვან შემდგმომში, ეს კრება გაყალბებულია თავისი პროცედურით. იმედს ვიტოვებ, რომ თითოეულ კანდიდატს ეყოფა იმის უნარი, რომ დღესვე დაასახელონ ეს უმსგავსობები, რაც აქ ხდება. აქედან გამომდინარე, მე აბსოლუტურ უნდობლობას ვუცხადებ ამ პროცესს,“- აცხადებს ირმა ჭკადუა.

დავით ასათიანი მოქმედი თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის რჩეულია. ხატიაშვილი მას ღიად უჭერს მხარს. რის გამოც თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატები ხატიაშვილს წინასაარჩევნო პერიოდშიც აკრიტიკებდნენ.

ვრცლად: არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში: კანდიდატების ბრალდებები კორუფციასა და კლანურობაზე

არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობს. ესენია:

  • დავით ასათიანი
  • ლევან ჯანაშია
  • დავით ლანჩავა,
  • იასონ ბესელია
  • გრიგოლ გაგნიძე
  • დავით ებრალიძე
  • ალექსი კობაიძე
  • ონისე მარგიანი
  • ვასილ ოსეფაშვილი
  • ელგუჯა ჩხაიძე
  • ირმა ჭკადუა
  • ვაჟა ჯაოშვილი

ასოციაციის ინფორმაციით, ადვოკატთა ასოციაციაში სულ 4970 ადვოკატია რეგისტრირებული. კენჭისყრაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 2324 ადვოკატმა გაიარა. გამარჯვებულის ვინაობა 22:15 საათზე უნდა გახდეს ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი