ახალი ამბები

ინცინდენტი: ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების ხმის დათვლის პროცესი შეფერხდა

9 დეკემბერი, 2017 • 2344
ინცინდენტი: ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების ხმის დათვლის პროცესი შეფერხდა

ინცინდენტი მოხდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე, რამაც პროცესი შეაფერხა.

მას შემდეგ, რაც ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა, ერთ-ერთმა კანდიდატმა დავით ლანჩავამ განაცხადა, რომ შუქი უნდა ჩამქრალიყო არჩევნების გაყალბების მიზნით.

ამ ინცინდენტის შემდეგ დალუქეს ყუთები, რომლებსაც დაცვის წევრები იცავენ. ბიულეტენების დათვლა ჯერ არ დაწყებულა, რადგან კომისიის წევრები მსჯელობენ, გააძევონ თუ არა კომისიის ორი წევრი, რომლებიც დავით ასათიანის წარმომადგენლები არიან.

ირმა ჭკადუამ, ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა “ნეტგაზეთს” აჩვენა ბიულეტენები, სადაც შემოხაზულია დავით ასათიანის კანდიდატურა. ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ეს ბიულეტენები მას კომისიის წევრებმა მისცეს და ასათიანის წარმომადგენლებს ამოუღეს ბიულეტენები.

დავით ასათიანი მოქმედი თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის რჩეულია. ხატიაშვილი მას ღიად უჭერს მხარს. რის გამოც თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატები ხატიაშვილს წინასაარჩევნო პერიოდშიც აკრიტიკებდნენ.

ვრცლად: არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში: კანდიდატების ბრალდებები კორუფციასა და კლანურობაზე

არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობს. ესენია:

  • დავით ასათიანი
  • ლევან ჯანაშია
  • დავით ლანჩავა,
  • იასონ ბესელია
  • გრიგოლ გაგნიძე
  • დავით ებრალიძე
  • ალექსი კობაიძე
  • ონისე მარგიანი
  • ვასილ ოსეფაშვილი
  • ელგუჯა ჩხაიძე
  • ირმა ჭკადუა
  • ვაჟა ჯაოშვილი

ასოციაციის ინფორმაციით, ადვოკატთა ასოციაციაში სულ 4970 ადვოკატია რეგისტრირებული. კენჭისყრაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 2324 ადვოკატმა გაიარა. გამარჯვებულის ვინაობა 22:15 საათზე უნდა გახდეს ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი