ახალი ამბები

სააკაშვილის დაკავების გამო ენმ-ის პოლიტსაბჭო შეიკრიბა

9 დეკემბერი, 2017 • 1824
სააკაშვილის დაკავების გამო ენმ-ის პოლიტსაბჭო შეიკრიბა

კიევში სააკაშვილის დაკავების გამო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭო  შეიკრიბა, სადაც სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.

“შეკრება ეძღვნება იმ ბოლო 24 საათის მოვლენებს, რომელიც ვითარდება ყველას თვალწინ კიევში, იმ ლაჩრულ საქციელს, რომელსაც ვხედავთ უკრაინის ოლიგარქიული ხელისუფლებისგან. მე მინდა ვუთხრა ყველას, პირველ რიგში, საქართველოს ოლიგარქს, ივანიშვილს, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველანაირი სცენარისთვის მზად არის. განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს, მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება მომავალში, მინდა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან კორუფციული და ოლიგარქიული ინტერესების წინააღმდეგ და დარწმუნება გამოვთქვა, რომ უკრაინაშიც და საქართველოში კეთილშობილი და პატრიოტული ძალები გაიმარჯვებენ”, – განუცხადა ენმ-ის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა “რუსთავი 2”-ს.

პარტიის კიდევ ერთმა წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა რუთავი 2-ს განუცხადა, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებისა და გამოწვევებიდან გამომდინარე, პარტია გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმში.

“დღესაც მოწვეული იქნება მმართველი პოლიტიკური საბჭო, რათა ჩვენ შევჯერდეთ ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც შესაძლებელი იქნება, რომ გადაიდგას ჩვენი მხრიდან იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც გაჩნდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიხელ სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, დააკავეს უკრაინაში”, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევში კიდევ ერთხელ, 8 დეკემბერს დააკავეს. ამჯერად სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში წაყვანა მოახერხეს.  სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებს, რომ ხვალ, 10 დეკემბერს, დაგეგმილ აქციაზე მივდნენ მთავრობის იმპიჩმენტის მოთხოვნით.

მიხეილ საააშვილის ერთ-ერთი ადვოკატი პაველ ბოგომაზოვი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა წინასწარი დაკავების იზოლატორში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად კი უკრაინის ოპოზიციური პარტიის “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ოთხი დღე კიევში, კარვების ქალაქში იმყოფებოდა. პარალელურად, უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს მასზე ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევისთვის.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს ედავებიან პრორუსული ძალების მიერ, კერძოდ, უკრაინის ყოფილი ხელისუფლების – იანუკოვიჩის გარემოცვის მხრიდან დაფინანსების მიღებას მიტინგებისთვის, რომლის მიზანი იყო მთავრობის დამხობა. თავად სააკაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს და მათ ფაბრიკაციას უწოდებს. 5 დეკემბერს უკრაინის ძალოვან უწყებებს მისი დაკავების საშუალება მხარდამჭერებმა არ მისცეს. მას შემდეგ სააკაშვილი ღამეებს ათევს კარვების ქალაქში, რომელიც კიევში, რადას მიმდებარე ტერიტორიაზეა მოწყობილი.

ნეტგაზეთმა მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ 7 დეკემბერს მის კარავში ჩაწერა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი