ყოფილი პოლიტპატიმარი საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას

ყოფილი პატიმარი ლევან ჩაჩუა, რომელიც ხელისუფლებაში კოალიცია “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ პარლამენტმა ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას.

საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ჩაჩუა დამოუკიდებელი კანდიდატის სახელით წარადგინა, ცესკოში უკვე დარეგისტრირდა. საინიციატივო ჯგუფში ასევე შედიან ყოფილი პოლიტპატიმრები: გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე და ზვიად ბლიაძე. იმისათვის, რომ ლევან ჩაჩუამ ცესკოში საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება შეძლოს და კენჭი იყაროს, 25 000 ხელმოწერის შეგროვება უნდა მოახერხოს. ექს–პოლიტპატიმარი ამბობს, რომ ამ დროისთვის სწორედ ხელმოწერების შეგროვების პროცესშია.

ლევან ჩაჩუას განცხადებით, ყოფილი პოლიტპატიმრის სტატუსი კენჭისყრაში საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირების იურიდიულ პრობლემას არ უქმნის: “პირიქით, სახელმწიფო არის ჩემთან დამნაშავე იმისთვის, რომ უკანონოდ დამაპატიმრა და მე მგონი, პირიქით უნდა იყოს”.

 

ლევან ჩაჩუა დაკავებამდე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი იყო. ჩაჩუა, რომელიც თავს რელიგიურ პატიმრად მიიჩნევს, 2010 წელს ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტისას დააკავეს მმკ–ს კიდევ 7 წევრთან ერთად.

 

იგი სასამართლომ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის (ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ხულიგნობა) დარღვევისთვის. სასამართლომ მას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ჩაჩუა აცხადებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების უზრუნველყოფას შეუწყოფს ხელს, თუმცა არ აპირებს იბრძოლოს არსებული კონკორდატის შეცვლისთვის და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთვის, რადგან მისი თქმით, “დღეს ამის მოცემულობა არ დგას”.

 

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში არ გამორიცხავს რუსეთში ვიზიტს ან რუსული დელეგაციის თბილისში მიღების შესაძლებლობას, რადგან ლაპარაკს ყველასთან აპირებს:

 

“მაგრამ არც ერთი კუთხით გადახრა არ იქნება, როგორც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იქნება საჭირო, ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებ. გადახრები არც დასავლეთით იქნება, არც ჩრდილოეთით და არც სამხრეთით”.

 

ლევან ჩაჩუა აცხადებს, რომ ამომრჩევლებს საკუთარ პროგრამას სექტემბრის თვეში გააცნობს. გარდა ამისა, აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ყოფილმა პოლიტპატიმრებმა და კიდევ ერთმა პიროვნებამ ურჩია, რომლის სახელსაც არ დაასახელებს:

 

“მე, როგორც ქრისტიან კაცს, არ მიყვარს მაინცდამაინც ზედმეტი პიარი. ამის გარეშე ჩუმად, წყნარად ვაკეთებ საქმეს და გავაკეთებ მომავალშიც, თუ გავხდები პრეზიდენტი. ნაცმოძრაობის რეჟიმს პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს, მაგრამ პარტიების აკრძალვების, დაჭერების და რეპრესიების მომხრე არ ვარ. პირიქით, მოვდივარ რწმენით და სიყვარულით. იმიტომ გადავწყვიტე პრეზიდენტობა, რომ ვთვლი: პრეზიდენტი არ უნდა იყოს არავისზე დამოკიდებული და ერთი გუნდის წარმომადგენელი, ან ერთი პარტიის. როდესაც პრეზიდენტს არ აქვს თავისუფლების 100–პროცენტიანი ხარისხი, ის რაღაცნაირად მიბმულია ან პოლიტიკურად, ან ფინანსურად რაიმე ჯგუფზე და ის იმ ჯგუფის ინტერესების გამტარებელი იქნება. პრეზიდენტი უნდა იყოს თავისუფალი. მე დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ. არასდროს ვყოფილვარ არც ერთ პარტიაში და პირიქით, ყველა პარტიასთან ვითანამშრომლებ, ყველას გავაერთიანებ სიყვარულით, რწმენით და სამშობლოს ერთგულებით”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge