ახალი ამბები

საია: იუსტიციის სამინისტრომ კანონი დაარღვია

9 დეკემბერი, 2017 • 1732
საია: იუსტიციის სამინისტრომ კანონი დაარღვია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრომ კანონის მოთხოვნები დაარღვია იმით, რომ საჯარო ინფრმაცია 11 თვის დაგვიანებით გასცა.

“2017 წლის დეკემბერის დასაწყისში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით, ოთხ განცხადებაზე მიიღო პასუხი. ეს ფაქტი ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება- იუსტიციის სამინისტრომ საიას განცხადებებზე პასუხი 11 თვის დაგვიანებით გასცა. მოქმედი კანონდმებლობის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემის მაქსიმალური ვადა 10 დღეს შეადგენს.”, – აცხადებს ორგანიზაცია.

საია ხაზს უსვამს იმას, რომ იუსტიციის სამინისტროს მოქმედება წინააღმდეგობაში მოდის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პრინციპებთანაც, რომლის თავმჯდომარეც 2017 წლის ოქტომბერში საქართველო გახდა.

საია აღნიშნავს, რომ საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობას“ კოორდინაციას  იუსტიციის სამინისტრო უწევს და სწორედ ის წარმოადგენს ქვეყანას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

საია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერმინისტრს წარუდგინოს, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს საჯარო ინფორმაციის ანგარიში (ე.წ 10 დეკემბრის ანგარიში). ანგარიშში, მათ შორის, აღნიშნული უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა.

ჩნდება ეჭვი, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ განცხადებებზე 11 თვის დაგვიანებით პასუხის გაცემა  „10 დეკემბრის  ანგარიშის“ სტატისტიკურ მონაცემებში სამინისტროსთვის სასურველი შედეგის ასახვას ემსახურება და არა ადმინისტრაციული ორგანოს გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტის დაცვას, აცხადებს საია.

მასალების გადაბეჭდვის წესი