ახალი ამბები

დაკავებულმა სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო – ადვოკატი

9 დეკემბერი, 2017 • 2030
დაკავებულმა სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო – ადვოკატი

მიხეილ საააშვილის ერთ-ერთი ადვოკატი პაველ ბოგომაზოვი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა წინასწარი დაკავების იზოლატორში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. პაველ პოგმაზოვმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მის დაკავებას პოლიტიკური მოტივით ხსნის.

როგორც ადვოკატი აცხადებს, დაკავების შესახებ შესაბამის დოკუმენტებს დაცვის მხარეს ამ დრომდე არ აძლევენ, თუმცა ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალს დანაშაულის ხელშეწყობისთვის წაუყენებენ. პაველ ბოგომაზოვის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ორშაბათს ჩატარდება:

“ალბათ, ორშაბათს იქნება სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე. მანამდე, სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორში დარჩება. შევეცდებით, რომ ხვალაც შევხვდეთ მიშას. დღეს ის სულ 10 წუთით ვნახე.”

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ, უკრაინის დროით, 8 დეკემბერს, ღამით, დააკავეს. დავით საყვარელიძის განცხადებით, უკრაინის ოპოზიციური ძალების ლიდერი დაკავებისას მეგობრის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა სტუმრად. მიხეილ სააკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 72 საათის განმავლობაში აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ.

მოკლედ:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად კი უკრაინის ოპოზიციური პარტიის “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ოთხი დღე კიევში, კარვების ქალაქში იმყოფებოდა. პარალელურად, უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს მასზე ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევისთვის.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს ედავებიან პრორუსული ძალების მიერ, კერძოდ, უკრაინის ყოფილი ხელისუფლების – იანუკოვიჩის გარემოცვის მხრიდან დაფინანსების მიღებას მიტინგებისთვის, რომლის მიზანი იყო მთავრობის დამხობა. თავად სააკაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს და მათ ფაბრიკაციას უწოდებს. 5 დეკემბერს უკრაინის ძალოვან უწყებებს მისი დაკავების საშუალება მხარდამჭერებმა არ მისცეს. მას შემდეგ სააკაშვილი ღამეებს ათევს კარვების ქალაქში, რომელიც კიევში, რადას მიმდებარე ტერიტორიაზეა მოწყობილი.

ნეტგაზეთმა მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ 7 დეკემბერს მის კარავში ჩაწერა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი