ახალი ამბები

საპატრიარქო: ეკლესია მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს მოზარდთა აღზრდის გაუმჯობესებაში

8 დეკემბერი, 2017 • 5655
საპატრიარქო: ეკლესია მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს მოზარდთა აღზრდის გაუმჯობესებაში

საპატრიარქო თბილისსა და წყნეთში ერთი კვირის წინ მომხდარ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესია მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს მოზარდთა აღზრდის საკითხებთან დაკავშირებული ვითარების გაუმჯობესებაში. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეურაცხმყოფელი და უხამსი გამოთქმების, ძალადობის შემცველი გადაცემებისა და ფილმების საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებში მოქცევა და დღეს არსებული განუკითხავი მდგომარეობის შეცვლა.

საპატრიარქოს განცხადება სრულად

“თბილისში და წყალტუბოს რაიონში რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდებს შორის მომხდარმა დაპირისპირებებმა, რომელმაც სამი სიცოცხლე შეიწირა, მთელი ქვეყანა შეძრა და ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ უბიძგა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია სკოლებში მოზარდთა აღზრდის და, საერთოდ, მათი ცხოვრების უკეთ წარმართვის მიზნით.

ფაქტია, რომ არსებული სიტუაცია რთულია, რადგანაც ამის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს; ეს კი პრობლემებისადმი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

ვფიქრობთ, აუცილებელია სკოლაში შემეცნებითი საუბრების რეგულარულად ჩატარება, სხვადასხვა წრეებში მოზარდების გაერთიანება, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის უფრო მეტად ხელშეწყობისთვის სპორტული აღზრდის გაკვეთილების საათების გაზრდა.

აუცილებელია შეურაცხმყოფელი და უხამსი გამოთქმების, ძალადობის შემცველი გადაცემებისა და ფილმების საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებში მოქცევა და დღეს არსებული განუკითხავი მდგომარეობის შეცვლა.

აუცილებელია ქუჩის ბავშვების პრობლემის მოგვარება და სხვა.

საქართველოს ხელისუფლებასა და, პირველ რიგში, განათლების სამინისტროს გვინდა განვუცხადოთ, რომ საქართველოს ეკლესია მზად არის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანოს მოზარდთა აღზრდის საკითხებთან დაკავშირებული ვითარების გაუმჯობესებაში.

გვჯერა, საერთო ძალისხმევით მიღწეული იქნება დადებითი შედეგი და შევძლებთ ჩვენი შვილებისათვის მშვიდობიანი გარემოს შექმნას ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის საფუძველზე.”

[red_box]3 მოკლული ბავშვი 2 დღეში[/red_box]

1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ძებნილი კიდევ ერთი ამავე ასაკის მოზარდი პოლიციას მოგვიანებით ჩაბარდა. ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლის ბრალდებით კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული.

2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად კიდევ ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. 1999 წელს დაბადებული განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი